თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში სასტუმროების რაოდენობამ მესამე კვარტლის ბოლოს 1,2 ათასი, ხოლო ნომრების რაოდენობამ 36,7 ათასი შეადგინა, ნათქვამია . საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანგარიშში.
„საქსტატის" მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს 2,8 მილიონი მოგზაური ეწვია, რაც 2,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,9 მილიონი შეადგინა, რაც 8,3%-ით მეტია გასული წლის ივლისი-სექტემბრის მაჩვენებელზე.
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, რომელიც მხოლოდ სასტუმროების აღრიცხვას აწარმოებდა, 2023 წელს საქართველოში 35,4 ათას ნომერზე გათვლილი 1.888 სასტუმრო იყო, 2024 წლის 30 სექტემბრისთვის კი სასტუმროების რაოდენობა ამ მაჩვენებლებთან შედარებით 12-ით გაიზარდა და 1,2 ათასი შეადგინა. ნომრების რაოდენობა კი - 4,6%-ით გაიზარდა და 36.742 შეადგინა.
თბილისში Airbnb-ის მეშვეობით დაჯავშნაზე მოთხოვნა მესამე კვარტალში 5,8%-ით გაიზარდა და ჯამში 195,4 ათასი ღამე შეადგინა, ხოლო ბათუმში დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა 24,6%-ით გაიზარდა 168,6 ათას ღამემდე . 2024 წლის მესამე კვარტალში ღამის გათევის საშუალო ფასი თბილისშიც და ბათუმშიც 55 აშშ დოლარი იყო.
უცხოელებმა 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში სულ დაახლოებით 5,7 მლრდ ლარი დახარჯეს, რაც 18,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამ ხარჯების 38,3% განსახლებაზე მოვიდა.
„საქსტატის" მონაცემები
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში სასტუმრო მომსახურების სფეროში, 2023 წელს 2.435 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა, რომელიც ფლობდა 2,488 სასტუმროს და სასტუმროს ტიპის ობიექტებს, რაც 12,4%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში საწოლების საერთო რაოდენობა 2023 წელს 107,7 ათასი იყო, რაც 10,1%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. ნომრების საერთო რაოდენობა 9,5%-ით გაიზარდა და 50,1 ათასი შეადგინა.