დეპუტატი: ზელენსკიზე პოლონეთის ვიცე-პრემიერის განცხადებამ საქართველოზე ზეწოლა დაადასტურა

უკრაინის პრეზიდენტმა ვარშავას მოუწოდა, დაეხმაროს კიევს პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს რუსული რაკეტებისა და დრონების განადგურებაში. ამ მოთხოვნის გამო, პოლონეთის ვიცე-პრემიერმა ზელენსკი გააკრიტიკა
Sputnik
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. პოლონეთის ვიცე-პრემიერ კშიშტოფ გავკოვსკის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის სურს პოლონეთის რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევა, წერტილს უსვამს კითხვებს იმის შესახებ, რომ საქართველოზე იყო ზეწოლა მეორე ფრონტთან დაკავშირებით, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
ერთ-ერთ ინტერვიუში გავკოვსკიმ განაცხადა, რომ ზელენსკის სურს პოლონეთის რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩათრევა - ზელენსკიმ ვარშავას მოუწოდა, დაეხმაროს კიევს პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს რუსული რაკეტებისა და დრონების განადგურებაში. პოლონეთის ვიცე-პრემიერმა ზელენსკი გააკრიტიკა და თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა უფრო ღირსეული განცხადებები უნდა გააკეთოს იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღიდან ეხმარება.
„პოლონეთის ვიცე-პრემიერის ეს განცხადება არის წერტილი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინმეს კითხვის ნიშნები ჰქონდა, რომ საქართველოზე იყო და, სამწუხაროდ, ჯერჯერობით რჩება ზეწოლა მეორე ფრონტთან დაკავშირებით", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მან გასაგები უწოდა უკრაინის სურვილს, ჩაითრიოს სხვა ქვეყნები კონფლიქტში, რათა საკუთარი მდგომარეობა შეიმსუბუქოს. ამასთან, იგი დაინტერესდა, გააკეთებდა თუ არა თავად უკრაინა მეორე მხარისთვის იმას, რასაც თავად ითხოვს.
საქართველოს „მეორე ფრონტის" გახსნისკენ არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მაშინდელმა მდივანმა ალექსი დანილოვმა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა.
საქართველო-უკრაინის ურთიერთობები
2020 წელს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის გამო საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობა უკრაინაში კონფლიქტის ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. უკრაინული მხარე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებაზე უარის თქმის გამო.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა უკრაინაში მოხალისე-მებრძოლების ორგანიზებულად გაგზავნაზე და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე, 2022 წლის მარტში პრეზიდენტმა ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვის გაწვევის შესახებ განაცხადა.
2022 წლის ივნისში დოლგოვი საქართველოში უკრაინის ელჩის პოსტიდან გადააყენეს.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2023 წლის 3 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილს, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში თბილისთან კონსულტაციებისთვის. მან განაცხადა: „ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს შეურაცხყოფა და დათანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას".
ურთიერთობების გაუარესების კიდევ ერთი მიზეზი გახდა უკრაინის მიერ საქართველოს ცალკეული მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ დაწესებული სანქციები.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინამ სანქცირებულთა სიაში შეიყვანა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი, შემდეგ კი – ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ქვეყნის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ არაერთხელ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო და, უფრო მეტიც, იგი დაადანაშაულა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების გაწევაში.