თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას, რომელმაც კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დარღვევის გამო, თეთრიწყაროსა და წალკის საარჩევნო ოლქებში საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო, ინტერესთა კონფლიქტის გამო თვითაცილების მექანიზმი უნდა გამოეყენებინა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ.
თეთრიწყაროს სასამართლო 23 სასამართლოდან ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი დააკმაყოფილა. საია აცხადებს, რომ კენჭისყრის ფარულობის პრინციპი დაირღვა საქართველოს 2263-ვე უბანზე (სულ 2/3), სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.
„ნაცაქტივს დიდი ზეიმი აქვს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო ერთმა კონკრეტულმა მოსამართლემ, რომელსაც წესითა და რიგით თვითაცილებაც უნდა გამოეყენებინა ამ საქმესთან დაკავშირებით იქიდან გამომდინარე, მისი მეუღლე თუ რა პოსტებით არის წარმოდგენილი სოციალურ ქსელში და ზოგადად როგორი აქტივისტური საქმიანობით არის ის დაკავებული", - განაცხადა გორდულაძემ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლის მეუღლე ელზა გურგენიძე ოპოზიციის აქტივისტია და საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობს. ოპოზიციის წარმომადგენლების მსგავსად, ისიც აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის.
„მაგრამ, ეს ყველაფერი რომ გვერდზე გავწიოთ, გადაწყვეტილება ცალსახად არის მოკლებული ყველანაირ იურიდიულ ლოგიკას, სამართალს“, - განაცხადა გორდულაძემ.
წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმების შესახებ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
ცესკომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ამომრჩეველთა ბიულეტენების დათვალიერების, ასევე სასამართლო დარბაზში ტექნიკური ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ, მოსამართლე ხუჭუა მივიდა დასკვნამდე, რომ ბიულეტენის აპარატში მოთავსებისას თვალსაჩინო იყო, რა არჩევანი გაკეთდა, ვინაიდან უკანა მხარეს მარკერის კვალი ჩანდა.
როგორც ადრე ცესკოში განაცხადეს, ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად ყველა ამომრჩეველს გადაეცემოდა სპეციალური კონვერტი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის წესის მიხედვით, აღნიშნულ კონვერტში მოთავსებული ბიულეტენი ხმის დამთვლელ აპარატში თავსდებოდა.
საპარლამენტო არჩევნები - 2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა.
არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ ოპოზიციური კოალიციები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო"), „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები"), „კოალიცია ცვლილებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") და პარტია „საქართველოსთვის".
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შსს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.
გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მმართველი და ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ოპოზიციონერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა, რომლებმაც არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს, უარი განაცხადეს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. ვერიფიკაციის აპარატში მოწმდებოდა პირადობის მოწმობა, ხოლო ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენი თავსდება.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.
თეთრიწყაროსა და წალკის (ქვემო ქართლის რეგიონი) საარჩევნო ოლქებში, სადაც მოსამართლემ უბნების 60%-ის შედეგების ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღო, მმართველმა პარტიამ საუკეთესო შედეგი აჩვენა. თეთრიწყაროში მან ხმების 66,9% მიიღო, წალკაში – 71,6%.