თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევის გამო თეთრიწყაროს და წალკის საარჩევნო ოლქებში 79 საარჩევნო უბნიდან 48-ის შედეგები ბათილად ცნო.
თეთრიწყაროს სასამართლო 23 სასამართლოდან ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი დააკმაყოფილა. საია აცხადებს, რომ კენჭისყრის ფარულობის პრინციპი დაირღვა საქართველოს 2263-ვე უბანზე (სულ 2/3), სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.
„მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ, სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ სასამართლოს დარბაზში ჩატარებული მტკიცებულებებით, ამ საარჩევნო ბიულეტენით, ხმის დამთვლელი აპარატით, ამ ჩარჩო კონვერტით ხმის დაცულობა და ხმის ფარულობა ამომრჩეველს არ ჰქონდა", - განაცხადა ხუჭუამ.
საქმის ფარგლებში მოსამართლემ გამოითხოვა ბიულეტენები ორი საარჩევნო ოლქის სამი უბნიდან, ასევე სუფთა ბიულეტენი, ხმის დამთვლელი აპარატი, მარკერი და ე.წ. ჩარჩო-კონვერტი.
ამომრჩეველთა ბიულეტენების დათვალიერების, ასევე სასამართლო დარბაზში ტექნიკური ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ, მოსამართლე ხუჭუა მივიდა დასკვნამდე, რომ ბიულეტენის აპარატში მოთავსებისას თვალსაჩინო იყო, რა არჩევანი გაკეთდა, ვინაიდან უკანა მხარეს მარკერის კვალი ჩანდა.
როგორც ადრე ცესკოში განაცხადეს, ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად ყველა ამომრჩეველს გადაეცემოდა სპეციალური კონვერტი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის წესის მიხედვით, აღნიშნულ კონვერტში მოთავსებული ბიულეტენი ხმის დამთვლელ აპარატში თავსდებოდა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. ვერიფიკაციის აპარატში მოწმდებოდა პირადობის მოწმობა, ხოლო ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენი თავსდება.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.
თეთრიწყაროსა და წალკის (ქვემო ქართლის რეგიონი) საარჩევნო ოლქებში, სადაც მოსამართლემ უბნების 60%-ის შედეგების ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღო, მმართველმა პარტიამ საუკეთესო შედეგი აჩვენა. თეთრიწყაროში მან ხმების 66,9% მიიღო, წალკაში – 71,6%.
სასამართლო გადაწყვეტილების დეტალები
მოსამართლემ დაადგინა კენჭისყრის შედეგების გაუქმება 39 უბნიდან 18-ში (№1, 2, 6, 10, 11, 12, 13, 14, 16, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 27, 32), რომლებიც შედიან წალკის საარჩევნო ოლქში.
გარდა ამისა, ხუჭუამ დაავალა წალკის საოლქო საარჩევნო კომისიას 1 და 32-ე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს დისციპლინარული პასუხისმგებლობა დააკისროს.
თეთრიწყაროს ოლქში მოსამართლემ 40 უბნიდან 13-ში (№1, 2, 3, 14, 17, 19, 20, 21, 22, 27, 29, 30, 33) კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღო.
„ყველასთვის ცნობილია და ყველამ ნახეთ სასამართლო დარბაზში, რომ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის ფარულობა არ იყო დაცული“, - განაცხადა მოსამართლე ხუჭუამ.
მისი თქმით, არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის თეორიული შანსიც კი არ უნდა არსებობდეს.
„საქართველოს მოქალაქემ, რომელიც წარმოადგენს ხელისუფლების წყაროს, მათ შორის სასამართლო ხელისუფლების წყაროს, გარანტირებულად უნდა იცოდეს, ყოველგვარი საფრთხის შეფასებების და სხვა მანიპულაციების გარეშე, რომ მისი არჩევანი იქნება თავისუფალი, ფარული და მას თავისუფალი ნების გამოხატვა მოუწევს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე“, - განაცხადა ხუჭუამ.
საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოსამართლემ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ წალკის საარჩევნო ოლქში არჩევნების დროს იყო მძიმე დარღვევები.
მოსამართლის თქმით, წალკის საარჩევნო ოლქში უბნებზე საჩივრები არასწორად იყო შეტანილი და იყო გარკვეული სახის მანიპულირება - კენჭისყრის კაბინაში ერთდროულად ორი ადამიანი შედიოდა და დამკვირვებლების მუშაობას გარკვეული დაბრკოლებები ექმნებოდა.
უფრო მეტიც, მოსამართლე ხუჭუამ აღნიშნა, რომ რიგი პოლიტიკური და სადამკვირვებლო ორგანიზაციები არ ემსახურებიან იმას, რომ აღსრულდეს ხალხის ნება.
საპარლამენტო არჩევნები - 2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა.
არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ ოპოზიციური კოალიციები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო"), „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები"), „კოალიცია ცვლილებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") და პარტია „საქართველოსთვის".
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შსს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.
გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მმართველი და ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ოპოზიციონერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა, რომლებმაც არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს, უარი განაცხადეს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.