საქართველო ზამთრის საკურორტო სეზონისთვის ემზადება

ზამთრის ტურისტული სეზონი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ტრადიციულად, დეკემბრის მეორე ნახევრიდან იხსნება.
Sputnik
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველო აქტიურად ემზადება 2024-2025 წლის სათხილამურო სეზონისთვის, რომლის გახსნის თარიღი კლიმატურ პირობებზე, ნალექსა და ყინვაზეა დამოკიდებული, ნათქვამია მთის ტრასების განვითარების სააგენტოს (MTA) განცხადებაში.
საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ოთხივე კურორტზე ზამთრის ტურისტული სეზონი ჩვეულებრივ იხსნება დეკემბრის მეორე ნახევრიდან და გრძელდება მარტის ბოლომდე.
„ჩვენ სრულად მზად ვიქნებით 2024-2025 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონის გახსნისთვის, როგორც კი ამის შესაძლებლობა გვექნება“, - განაცხადა სააგენტომ მედიაპლატფორმაზე BMG.
როგორც სააგენტოში აღნიშნეს, გუდაური და ბაკურიანი დამსვენებლებს სრულიად ახალი სათხილამურო ზონებით შეხვდება.
„გუდაურში ახალი ოთხკილომეტრიანი ტრასა დაემატა, რითაც ტრასების საერთო სიგრძე 80 კილომეტრს შეადგენს. ბაკურიანს (დიდველი) სამი კილომეტრი დაემატა, რის შედეგადაც ბაკურიანის მარშრუტების საერთო სიგრძე 36 კილომეტრია“, - აცხადებენ სააგენტოში.
გარდა ამისა, კურორტ გუდაურში მიმდინარეობს ოთხი ახალი სალაროს და ერთი ახალი სატრანსფორმატორო შენობის მშენებლობა, ასევე მიმდინარეობს არსებული ელექტროკაბელების გაძლიერება.
სააგენტოს ცნობით, კურორტებზე აქტიურად მიმდინარეობს ჩემპიონატისთვის გეგმური საველე სამუშაოები და ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.
2023 წლის ივნისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ გუდაური და ბაკურიანი საერთაშორისო დონის, მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს. გადაწყვეტილება სათხილამურო საერთაშორისო ფედერაციამ (FIS) მიიღო.
2024-2025 წლის ზამთრის სეზონზე, საქართველოს სამთო კურორტებზე - გუდაურსა და ბაკურიანში, მსოფლიო თასის ეტაპები მოგულში, სკი და სნოუბორდ კროსის დისციპლინებში ჩატარდება, რომელიც დეკემბერსა და მარტში გაიმართება.
ასევე, სააგენტოს ინფორმაციით, საქართველო შედის ექვს წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის, ვისაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდა წილად, რომელიც უკვე მეორედ სვანეთში, კურორტ თეთნულდზე გაიმართება. ფრირაიდის მსოფლიო ტური ჯამურად 300 მილიონ მაყურებელს ფარავს.
აღნიშნული საერთაშორისო ღონისძიებები უმნიშვნელოვანესია ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის. მაღალი სტანდარტით ჩატარება, კი წარმოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით.