თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი იწყებს დაგროვილი რეზერვების დახარჯვას ეროვნული ვალუტა - ლარის კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად, როდესაც კურსის რყევებზე გავლენას ახდენს არაფუნდამენტური ფაქტორები, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა სოფრომაძემ.
ლარის კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ეროვნული ბანკი ხარჯავს რეზერვებს. ჯამში, წელს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე 382,1 მლნ დოლარი გაყიდა. მარეგულირებელმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით რამდენიმე სავალუტო აუქციონი გამართა.
„მაკროეკონომიკური მდგომარეობის მხრივ არ იკვეთებოდა ზეწოლა გაცვლით კურსზე და ეს ზეწოლა მომდინარეობდა წინასაარჩევნო პერიოდში გაურკვევლობიდან გამომდინარე... ჩვენი ინტერვენციების სტრატეგიის შესაბამისად ასეთი ტიპის ზეგავლენას, რაც არაფუნდამენტური ფაქტორებიდან მომდინარეობს, ჩვენ სავალუტო ინტერვენციებით ვანეიტრალებთ და სწორედ ეს იყო მიზეზი ოქტომბრის ინტერვენციის", - განაცხადა სოფრომაძემ.
მისი თქმით, ოქტომბერში განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების ძირითადი მიზეზი გაცვლით კურსზე მიმდინარე ზეწოლა იყო, რაც არაფუნდამენტური ფაქტორებით იყო განპირობებული და კურსის ჭარბ მერყეობას იწვევდა.
სოფრომაძის განმარტებით, ეროვნული ბანკი მსგავს შემთხვევებში ინტერვენციების სტრატეგიის შესაბამისად იქცევა.
როგორც სოფრომაძემ აღნიშნა, წინასაარჩევნო პერიოდში სავალუტო ბაზარზე ხორციელდებოდა მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციები, ძირითადად შესყიდვის მიმართულებით, რაც ქმნიდა დამატებით ჭარბ ზეწოლას ბაზარზე.
გარდა ამისა, ამავე პერიოდს დაემთხვა საბანკო დივიდენდების გადახდის პერიოდი და როცა ამ დივიდენდების გადახდა ხორციელდება ამ დროსაც სავალუტო ბაზარზე არის მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციები.
მისი თქმით, როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა იძლევა შესაძლებლობას, ეროვნული ბანკი ყოველთვის ყიდულობს და ავსებს სავალუტო რეზერვებს - 2023 წელს დოლარის საკმაოდ დიდი შესყიდვები განხორციელდა და რეზერვები დაახლოებით 1,3 მილიარდით შეივსო, ასევე 2024 წლის პირველ ნახევარში.
„იმ ფაქტმა, რომ რეზერვების დაგროვებაზე ვიყავით კონცენტრირებული, ახლა მოგვცა შესაძლებლობა, რომ საჭიროების შესაბამისად გამოგვეყენებინა რეზერვების გარკვეული წილი”, - განაცხადა სოფრომაძემ.
როგორც მან განმარტა, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ძირითადი გარანტორია. ეროვნული ბანკი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების დაგროვებაზე და როცა ამის შესაძლებლობას ბაზარი იძლევა, რეზერვებს ავსებს.
სოფრომაძის თქმით, ეროვნულ ბანკს თავისი მანდატის პირობებში, რაც ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას ითვალისწინებს საკმარისი ინსტრუმენტები გააჩნია იმისათვის, რომ დაბალი ინფლაციური გარემო და სტაბილური ფასები შეინარჩუნოს.
„სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად დღესდღეობით საქართველოში მაკროეკონომიკური მდგომარეობა ძლიერია, ფასები სტაბილურია და დაბალ ინფლაციური გარემო ნარჩუნდება“, - აღნიშნა სოფრომაძემ.
როგორც ადრე სებ-ში აღნიშნეს, მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ქვეყანაში ჯანსაღია - ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2023 წლიდან მოყოლებული ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია.
საერთაშორისო რეზერვები 2024 წლის 30 სექტემბრისთვის, წინასწარი მონაცემებით, 4,7 მილიარდი დოლარს შეადგენდა. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია და 5.436,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2023 წელს საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა 101,5 მლნ ლარით, ხოლო 2022 წელს - 628,1 მლნ დოლარით.