პაპუაშვილმა საქართველოსა და მოლდოვას არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნა შეადარა

ნაწილობრივ ის დასკვნა, რომელიც ჩვენ ვნახეთ მოლდოვას შესახებ, უფრო მკაცრია, განაცხადა პაპუაშვილმა.
Sputnik
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებაში სიტყვების „თავისუფალი და სამართლიანი" არარსებობა, ისევე როგორც საქართველოს შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი დასკვნა არ არის აუცილებელი არჩევნების აღიარებისთვის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ეუთო/ოდირის საერთაშორისო დამკვირვებლებმა მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა გააგრძელა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, თუმცა მნიშვნელოვნად ნაკლებად, ვიდრე პირველ ტურში და მედიამ ეს პროცესი არათანაბრად გააშუქა.
„თუ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგიერთი უცხოელის ლოგიკას მივყვებით, მაშინ არჩევნები მოლდოვაშიც არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და წარმოიდგინეთ, ორ დღეში გამოქვეყნდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შეფასება და ეუთო/ოდირი არ შეაფასებს ამ არჩევნებს როგორც „თავისუფალი და სამართლიანი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც სპიკერმა აღნიშნა, მოლდოვას შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნაში აღნიშნულია მედიის მიკერძოებულობა ხელისუფლების მიმართ, რაც საქართველოს შესახებ ანგარიშში არ არის.
„ასე რომ, ნაწილობრივ ის დასკვნა, რომელიც ჩვენ ვნახეთ მოლდოვას შესახებ, უფრო მკაცრია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბების სქემაზე განაცხადეს.
რაც შეეხება მოლდოვას არჩევნებს, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ კვირას, 3 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მისი ოპონენტი, ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო დაამარცხა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სანდუმ ხმების 55,41% მიიღო.