თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ (GCCA) ორი წლის განმავლობაში (2024 წლის 1 იანვრამდე) მომხმარებელთა უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე 1,3 ათასამდე განაცხადი განიხილა, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ახალი კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ 2022 წლის 1 ივნისს ამოქმედდა და მიზნად ისახავს იმ საკითხების რეგულირებას, რომლებიც საქონლის შეძენა-დაბრუნებას ეხება. 2022 წლის 1 ნოემბრიდან ნებისმიერ პირს შეუძლია კონკურენციის სააგენტოში შეიტანოს საჩივარი საქონლის შეძენისას მათი უფლებების დარღვევის თაობაზე.
სააგენტოს ცნობით, შემთხვევების 80%-ზე მეტი მომხმარებლის სასარგებლოდ წყდება - საჩივრების 70% ქალებს, 30% კი მამაკაცებს ეკუთვნით.
გარდა ამისა, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 65% ონლაინ-ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 35% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით ლიდერობს თბილისი -82%-ით, შემდეგ მოდის აჭარა - 5%, იმერეთი - 5% და სხვა რეგიონები.
საანგარიშო პერიოდში სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლებების დარღვევის 126 ფაქტი დადასტურდა.
სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 304 საქმეზე - 219 შეთანხმება გააფორმა. ეს ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 55 მოვაჭრეს - 95 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 66.184ლარი. მომხმარებლის სასარგებლოდ ანაზღაურდა 600 ათასამდე ლარი. ორი წლის მანძილზე დარღვევა არ დადასტურდა მხოლოდ შვიდ შემთხვევაში.
სააგენტოს ცნობით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 442, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 417, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 119, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 70, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 63, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 59, ხოლო სხვა დანარჩენზე 125 განაცხადი.
საანგარიშო პერიოდში შესული საჩივრების თანახმად, 70%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება 14%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება 4%, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 12%-ს.
2024 წლის სექტემბერში მსოფლიოს ბანკის მიერ GCCA გამარჯვებულად დასახელდა - მომხმარებლის უფლებების დაცვის, განცხადებების ეფექტიანად განხილვისა და საკითხის მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად გადაწყვეტის მიმართულებით.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში წარმოდგენილი შეფასებების მიხედვით, მომხმარებლის დაცვის მიმართულებით საქართველოში ფიქსირდება წინსვლა და შესრულებულია ევროკომისიის 2023 წლის რეკომენდაციების ნაწილი. კერძოდ, ქვეყანაში არსებობს მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური ჩარჩო და საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან თანხვედრაშია.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ექსპერტების შეფასებით, რომელიც სააგენტოში 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობის თავსებადობა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ დირექტივებთან მიმართებით 70%-დან 85%-მდე გაიზარდა.