სასამართლომ 86 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობაზე უარი განაცხადა

არასამთავრობო ორგანიზაციამ ადრე განაცხადა, რომ ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა საქართველოს ყველა საარჩევნო უბანზე, სადაც ხმის მიცემა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხდებოდა.
Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი, რომელმაც გურიის რეგიონის ყველა საოლქო საარჩევნო კომისია ფარული კენჭისყრის პრინციპის მასობრივ დარღვევაში დაადანაშაულა და 86 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობა მოითხოვა.
არჩევნებიდან მეოთხე დღეს, 30 ოქტომბერს, საიამ ფარული კენჭისყრის პრინციპის მასობრივი დარღვევის შესახებ განაცხადა და 2263 საარჩევნო უბანზე (2/3) არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა. აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართა.
„სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა სარჩელი. რა თქმა უნდა, ფარული კენჭისყრა სრულად იყო დაცული“, - განაცხადა ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად ყველა ამომრჩეველს გადაეცემოდა სპეციალური კონვერტი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის წესის მიხედვით, აღნიშნულ კონვერტში მოთავსებული ბიულეტენი ხმის დამთვლელ მანქანაში თავსდებოდა.
„მიგვაჩნია, რომ ჩვენ სასამართლოს მივაწოდეთ სანდო მტკიცებულებები, მოპასუხე მხარემ - საოლქო კომისიებმა კი ვერ მოახერხეს იმის უარყოფა, რომ მარკერის კვალი ასახული იყო ბიულეტენის უკანა მხარეს“, - განაცხადა საიას ადვოკატმა ქეთევან თოიძემ.
მისი თქმით, სასამართლოს ასევე წარედგინა მტკიცებულებები, რომ ხმის დამთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას შესაძლებელი იყო იმის დადგენა, თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა.
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.
ფარული კენჭისყრის პრინციპის მასობრივი დარღვევის მტკიცებულება, საიას თქმით, არის კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე კამერების განლაგება და ის ფაქტი, რომ ბიულეტენის უკანა მხრიდან მოჩანდა მარკერის ანაბეჭდი (ანუ ჩანდა ის თუ რომელი პარტიის გასწვრივ გააფერადა წრე ამომრჩეველმა).
აღნიშნულ ბრალდების პასუხად ცესკომ განაცხადა, რომ ბიულეტენის სწორად განთავსება სპეციალურ კონვერტში სრულად უზრუნველყოფს ფარული კენჭისყრის პრინციპს. ამასთან, ცესკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა, ხოლო კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე მითითებები იყო.
საპარლამენტო არჩევნები - 2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. ვერიფიკაციის აპარატში მოწმდებოდა პირადობის მოწმობა, ხოლო ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენი თავსდება.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ ოპოზიციური კოალიციები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო"), „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები"), „კოალიცია ცვლილებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") და პარტია „საქართველოსთვის".
ცესკოს შედეგების აღიარებაზე, რომლის თანახმადაც მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო, უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბების სქემაზე განაცხადეს.
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შსს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.
გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მმართველი და ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ოპოზიციონერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა, რომლებმაც არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს, უარი განაცხადეს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.