რამდენი ელექტროენერგია მოიხმარეს საქართველოში - ახალი მონაცემები

საანგარიშო პერიოდში საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის უმეტესი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 9,5 მლრდ კვტ/სთ.
Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 2024 წლის იანვარი-სექტემბერში ელექტროენერგიის მოხმარება 2023 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4,7%-ით გაიზარდა და 10,8 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) განცხადებაში.
2024 წლის ცხრა თვეში საქართველოში გამომუშავებულია 11,4 მილიარდი კვტ/სთ - 1,6%-ით მეტი 2023 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით.
„საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის უმეტესი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 9,5 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 1,8 მლრდ კვტ/სთ, „ქართლის" ქარის სადგურმა კი 60,25 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა", - ნათქვამია განცხადებაში.
ოპერატორის ცნობით, ექსპორტი შემცირდა 28,8%-ით და გასული წლი ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 მლრდ კვტ/სთ შეადგინა. ექსპორტირებული ელექტროენერგიის ძირითადი ნაწილი თურქეთზე მოდის 864,87 მლნ კვტ/სთ - მთლიანი ექსპორტის 842,7%.
საანგარიშო პერიოდში საქართველომ ელექტროენერგია ექსპორტზე ასევე გაიტანა აზერბაიჯანში - 41,59 მლნ კვტ/სთ, სომხეთში – 137,43 მლნ კვტ/სთ და რუსეთში - 1,25 მლნ კვტ/სთ.
გარდა ამისა, საქართველომ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან შემოიტანა 438,30 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია (88,7%), დანარჩენი 11,3% შემოვიდა აზერბაიჯანიდან - 55,66 მლნ კვტ/სთ.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 13,7 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 7,4%-ით ნაკლები იყო.