განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

გავრცელებული ინფორმაციით, ბიძაშვილებს შორის დავა ყოფით ნიადაგზე, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დაიწყო, რაც შემდეგ სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მესტიის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 48 წლის მამაკაცს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა მიმდინარე 31 ოქტომბერს სოფელ ფარში მოხდა.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ბიძაშვილი, 61 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიძაშვილებს შორის დავა ყოფით ნიადაგზე, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დაიწყო, რაც შემდეგ სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს.
მას ბრალდება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) მუხლებით წარედგინა, რაც 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.