Daejeon International Wine Festival-ზე ქართული ღვინო წარადგინეს

უწყების ცნობით, ქართული ღვინის მსგავს მასშტაბურ ღონისძიებებზე წარდგენა მისი ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის წინაპირობაა.
Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. კორეის რესპუბლიკის ქალაქ დეჯონში გამართულ საერთაშორისო ფესტივალ Daejeon International Wine Festival-ზე ქართული ღვინის 8 მწარმოებლის ღვინო იყო წარმოდგენილი, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს როგორც დიდ ქართულმა კომპანიებმა, ისე მცირე მარნებმა.
სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის მსგავს მასშტაბურ ღონისძიებებზე წარდგენა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას ემსახურება.
„სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი პროდუქცია წარედგინათ ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებისთვის, რაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის წინაპირობაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინო პირველად 2015 წელს გამოფენა Seoul Interenational Wines and Spirits Expo-ზე წარადგინეს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ წლების განმავლობაში განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, ექსპორტი მზარდია. კერძოდ, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან კორეის რესპუბლიკაში 68 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 50%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.