თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კვლევას ცალკეულ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობისა და ამ უბნებში ხმების გადანაწილების თაობაზე არ შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს არჩევნებში არაკანონიერი მანიპულაციის ფაქტი, ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცესკოს განმარტებით, კვლევის მსგავსი მეთოდები მხოლოდ მიუთითებს შესაძლო ანომალიური გადახრების გარკვეულ ალბათობაზე, რაც „შეიძლება გამოწვეული იყოს კეთილსინდისიერი ქმედებებითაც, როგორიცაა სტრატეგიული ხმის მიცემა ან ხმის მიცემის სხვადასხვა მოდელის არსებობა რეგიონში“.
„ეს მეთოდი საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ცნობილია და საქართველოში ჩატარებული არაერთი არჩევნები ყოფილა ამგვარი კვლევების ობიექტი, თუმცა ცნობილია, რომ ასეთი კვლევები თავისთავად არაფერს ამტკიცებს და ის მხოლოდ მიუთითებს შესაძლო ანომალიური გადახრების გარკვეულ ალბათობაზე, რისი გათვალისწინებითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ, შესაძლოა, დამატებით გამოიკვლიოს ე.წ. საეჭვო უბნებზე განხორციელებული აქტივობის მონაცემები", - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული ტიპის კვლევის მეთოდოლოგიის მთავარი დათქმა გახლავთ შემდეგი:
თუ კვლევა აჩვენებს სტატისტიკურ ანომალიას, ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ადგილი აქვს არჩევნებთან დაკავშირებულ მანიპულაციას. სტატისტიკური ანომალია შეიძლება გამოწვეული იყოს კეთილსინდისიერი ქმედებებითაც, როგორიცაა სტრატეგიული ხმის მიცემა ან ხმის მიცემის სხვადასხვა მოდელის არსებობა რეგიონში (Making votes count, Report on the 2016 elections).
ცესკოს ინფორმაციით, ერთი-ერთი ასეთი ფაქტორი, რაც ამ კვლევამ შეიძლება ანომალიად ასახოს, შეიძლება იყოს ამომრჩეველთა ჯგუფის ჩასვლა ურბანული ცენტრიდან რეგიონში ხმის მისაცემად, რაც საქართველოს არჩევნების განუყოფელი ნაწილია - ხმის მიცემის უფლება 2 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა გამოიყენა. კანონმდებლობის თანახმად, ყველა ამომრჩეველმა ეს უფლება გამოიყენა თავიანთი რეგისტრაციის ადგილის და არა – ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სტატისტიკური კვლევის ამ მეთოდს ცალკე არ შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს არჩევნებში არაკანონიერი მანიპულაციის ფაქტი.
„აბსოლუტურად ეჭვგარეშეა დიდ ქალაქებში ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკა, თუმცა ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია ამ არჩევნებისთვის განხორციელებული კვლევის მეთოდოლოგია, გათვალისწინებულია თუ არა კანონმდებლობაში ასახული ხმის მიცემის წესი, გამოკვლეული უბნების რაოდენობა, მათი შერჩევის კრიტერიუმი და რეგიონული გადანაწილება, შეუძლებელია უფრო სიღრმისეული კომენტარის გაკეთება", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ასეთი კვლევების მეთოდოლოგია, სტატისტიკური ინფორმაცია და სხვა მონაცემები განიხილება ჯერ საარჩევნო ადმინისტრაციასთან და მხოლოდ შემდეგ ხდება საჯარო. ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, პირიქით მოხდა.
საპარლამენტო არჩევნები - 2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. ვერიფიკაციის აპარატში მოწმდებოდა პირადობის მოწმობა, ხოლო ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენი თავსდება.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ ოპოზიციური კოალიციები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო"), „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები"), „კოალიცია ცვლილებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") და პარტია „საქართველოსთვის".
ცესკოს შედეგების აღიარებაზე, რომლის თანახმადაც მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო, უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბების სქემაზე განაცხადეს.
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შსს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.
გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მმართველი და ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ოპოზიციონერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა, რომლებმაც არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს, უარი განაცხადეს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.