პრემიერმა მომხდარი ტრაგედიის გამო სერბ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა

ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის შესასვლელთან ბეტონის გადახურვა ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. დაღუპულთა შორის არის 7 წლის ბავშვი.
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სერბეთში, ქალაქ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტრაგედიის გამო სერბ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.
ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის შესასვლელთან ბეტონის გადახურვა ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. დაღუპულთა შორის არის 7 წლის ბავშვი.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ სერბეთს იმ ტრაგედიის გამო, რომელიც ქალაქ „ნოვი სადის“ რკინიგზის სადგურზე მოხდა. ტრაგედიამ იმსხვერპლა ადამიანთა სიცოცხლე და ასევე დაშავდა მრავალი ადამიანი. ქართველი ხალხი ამ რთულ დროს სოლიდარობას უცხადებს სერბ ხალხს“, – დაწერა კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა პროკურატურას დაავალა ტრაგედიაში დამნაშავე პირების გამოვლენა და მათი პასუხისგებაში მიცემა. მან დაღუპულთა ახლობლებს მიუსამძიმრა, ასევე მადლობა გადაუხადა მაშველებს და მოქალაქეებს, რომლებმაც დაშავებულთა გადასარჩენად სისხლი გაიღეს.
2 ნოემბერი სერბეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.