მსოფლიო დღეს

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება

არჩევნების პირველ ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხმების 42,45% მიიღო, ხოლო ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრუ სტოიანოგლომ - 25,98%.
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. მოლდოვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება.
კენჭისყრაში ერთმანეთს უპირისპირდებიან ამჟამინდელი პროევროპული პრეზიდენტი მაია სანდუ და ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრუ სტოიანოგლო, რომელსაც მხარს უჭერს ყველაზე დიდი პრორუსული ოპოზიციური „სოციალისტების პარტია".
საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება - როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ჯამში 2.218 საარჩევნო უბანი გაიხსნა.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 20 ოქტომბერს გაიმართა, რომელშიც 11 კანდიდატი მონაწილეობდა, მეორე ტურში ორი კანდიდატი გადავიდა. მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხმების 42,45% მიიღო, ხოლო ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრუ სტოიანოგლომ - 25,98%.
მეორე ტურში გაიმარჯვებს კანდიდატი, რომელიც ხმათა უმრავლესობას მიიღებს.
სანდუ ევროკავშირისა და დასავლეთისკენ ორიენტაციის მომხრეა - სტოიანოგლო თვლის, რომ მოლდოვას ურთიერთობამ ევროკავშირთან არ უნდა დააზარალოს ტრადიციული პარტნიორობა რუსეთთან და მთლიანად დსთ-სთან. მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა - ევროინტეგრაციას მხარი ამომრჩეველთა 50,29%-მა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 49,71%.
მოლდოვას ამჟამინდელ პრეზიდენტ მაია სანდუს, რომელიც 2020 წლის 15 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 24 დეკემბერს ეწურება.