თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტმა (CEDB) საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთა ლიგაზე საქართველო-ალბანეთის მატჩის დროს მომხდარი დისციპლინარული დარღვევების გამო დააჯარიმა, იუწყება „პირველი არხი“.
ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ საქართველო-ალბანეთის მატჩზე მომხდარი დისციპლინარული დარღვევების გამო უეფა-ს ეგიდით გასამართი მომავალი საშინაო მატჩი, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იქნება მასპინძელი, ნაწილობრივ დახურული იქნება (სტადიონზე 2000 სკამი იქნება ცარიელი). გამოსაცდელი ვადა ორი წელიწადია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 14 ათასი ევრო ჯარიმა საზოგადოებრივი გასასვლელების დაბლოკვისთვის დაეკისრა, 12 ათასი ევრო – ტრიბუნებიდან ლაზერის გამოყენებისთვის, ხოლო 30 ათასი ევრო – ფანების მიერ პიროტექნიკის გამოყენებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში უეფას ეთიკისა და სადისციპლინო კომისიამ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მატჩზე გულშემატკივრების საქციელის გამო 41 ათასი ევროთი დასაჯა.
საქართველოს ეროვნულ გუნდთან ტირანაში გამართული შეხვედრის დროს ალბანელმა გულშემატკივრებმა ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნასთან მისასვლელი კიბე გადაკეტეს, რისთვისაც ფედერაცია 18 ათასი ევროთი დაჯარიმდა.
გარდა ამისა, ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია 4.750 ევროს ქართველების მხარეს ტრიბუნებიდან საგნების სროლისთვის გადაიხდის, ხოლო 12.500 ევროს – საქართველოს ჰიმნის დროს სტვენისთვის.
უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის ფარგლებში საქართველოს ნაკრებმა ალბანეთთან ორჯერ ითამაშა. 10 სექტემბერს ტირანაში გამართული მატჩი საქართველოს ნაკრებმა მოიგო (0:1), 14 ოქტომბერს თბილისში ჩატარებული საპასუხო მატჩი კი წააგო (0:1).
ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებები B1 ჯგუფში მეორე და მესამე ადგილს ინაწილებენ - ორთავეს ექვსი ქულა აქვს. პირველ ადგილზე 7 ქულით ჩეხეთია, 4 ქულით ბოლო ადგილზე კი უკრაინა.