საქართველოს რკინიგზის ვაგონების და ლოკომოტივების ასაკი 35 წელზე მეტია: კომპანიის ანგარიში

ყველა ლოკომოტივიდან 62% წარმოებულია 35 წელზე მეტი ხნის წინ, 22% - 30-ზე მეტი, მაგრამ 35-ზე ნაკლები წლის წინ
Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაში არსებული ლოკომოტივებისა და სატვირთო ვაგონების უმრავლესობა 35 წელზე მეტი ხნისაა, ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.
„საქართველოს რკინიგზა“ ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს ქვეყანაში.
ანგარიშის მიხედვით, კომპანიას ჰყავს სულ 107 ლოკომოტივი, 67 ელექტრომატარებელი, 23 დიზელზე მომუშავე მატარებელი, 17 ელექტრო მრავალმიზნობრივი მატარებელი, 4392 სატვირთო ვაგონი და 586 კონტეინერი.
ყველა ლოკომოტივიდან 62% წარმოებული იყო 35 წელზე მეტი ხნის წინ, 22% წარმოებული იყო 30-ზე მეტი, მაგრამ 35-ზე ნაკლები წლის წინ, 7% წარმოებული იყო 20-დან 25-მდე წლის წინ, ხოლო 8% წარმოებული იყო 20-ზე ნაკლები წლის წინ.
რაც შეეხება ვაგონებს, „საქართველოს რკინიგზის“ ვაგონების 64% წარმოებულია 35 წელზე მეტი ხნის წინ, 22% იყო წარმოებული 30-ზე მეტი, მაგრამ 35-ზე ნაკლები წლის წინ, ხოლო ვაგონების 1% წარმოებულია 25-ზე მეტი, მაგრამ 30-ზე ნაკლები წლის წინ. ვაგონების კიდევ 6% არის 20 წელზე ნაკლები ასაკის, ხოლო 7% - 25-ზე ნაკლები, მაგრამ 20 წელზე მეტი ასაკისაა. თუმცა, ანგარიშში არ არის მითითებული, ამ ვაგონებიდან რამდენია სატვირთო და რამდენი სამგზავრო.
„საქართველოს რკინიგზის სტრატეგია არის ვაგონების ოპტიმალური რაოდენობის შენარჩუნება, რათა უზრუნველყოს არსებული და მომავალი სატრანსპორტო მოთხოვნილებების ხელმისაწვდომობა“, - ნათქვამია ანგარიშში.
საქართველოში მგზავრთა გადაყვანისთვის შეძენილი უახლესი მატარებლები არის შვეიცარიული Stadler-ისგან შეძენილი ოთხი ორსართულიანი მატარებელი, რომლებიც ამჟამად მოძრაობენ თბილისი-ბათუმის მიმართულებით.
„საქართველოს რკინიგზამ“ თითოეულ ამ მატარებელში 2016 წელს 11 მილიონი დოლარი გადაიხადა, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება კი 45 მილიონი დოლარი იყო.