თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაციის დასრულებას უახლოეს მომავალში აპირებს.
მეტროსადგურ „ავლაბრის“ გარდასახვა 2022 წლის ივლისში დაიწყო. სადგურის განახლებისა და შეკეთების პროექტის ღირებულება 4,2 მილიონი ლარია. სამუშაოებს კომპანია Bada Group ახორციელებს.
„მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულში სარემონტო სამუშაოები უმოკლეს ვადებში დასრულდება“, - აცხადებენ კომპანიაში, მაგრამ კონკრეტული თარიღს არ ასახელებენ.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას სამუშაოების დასრულების ვადა 2024 წლის 25 დეკემბრამდე აქვს.
მანამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ განმარტა, რომ სადგურის შეკეთებას მეტი დრო დასჭირდა, რადგან მეტროსადგურის ვესტიბიულის ავარიული მდგომარეობის გამო საჭირო გახდა დემონტაჟის სამუშაოების განხორციელება, რის გამოც თავდაპირველ პროექტში ცვლილებები შევიდა.
მეტროს სადგური „ავლაბარი“ 1967 წლის 6 ნოემბერს გაიხსნა.