Quincy Institute: საქართველოში არჩევნების გაყალბებას დამტკიცება უნდა

აბსურდულია პრეზიდენტ ბაიდენის შეფასება, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების თანახმად, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა, ნათქვამია ინსტიტუტის დასკვნაში
Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის დასკვნაში არ არის ნათქვამი, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ გაყალბების ფაქტები თუ იყო, საჭიროა მათი დამტკიცება, ნათქვამია ვაშინგტონში განთავსებული კვლევითი ორგანიზაციის, „ქუინსი ინსტიტუტის“ (Quincy Institute for Responsible Statecraft) მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ფართოდ მისასალმებელი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არჩევნები გაყალბდა. უფრო მეტიც, ხელისუფლების მიერ ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება შედეგების დამახინჯებისთვის, დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან დამახასიათებელი იყო საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნებისთვის (და ასევე ზოგიერთ დასავლეთის ქვეყანაში). რაც შეეხება „უთანხმოების გამომწვევი წინასაარჩევნო კამპანიის ატმოსფეროს“, ამაზე პასუხისმგებლობა, ცხადია, ხელისუფლებასა და ოპოზიციას ეკისრება“, - ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, პუბლიკაციის ავტორი ხაზს უსვამს, რომ წინასწარი ცნობები სიმართლეს გავს, მაგრამ გაყალბება ჯერ კიდევ დასამტკიცებელია.
„წინასწარი შეფასებები, როგორც ჩანს, დამაჯერებელია: ჯერ ერთი, სავარაუდოდ, იყო ბევრი შემთხვევა, როდესაც მთავრობა ყიდულობდა ხმებს, აშინებდა ამომრჩევლებს და ახორციელებდა სხვა საარჩევნო მანიპულაციებს. ხელისუფლების გამარჯვების გაუქმების კანონიერად დასადასტურებლად და მისი ხმების 53%-დან 38%-მდე შემცირებას დასჭირდება ძალიან დიდი მასშტაბის გაყალბების მტკიცებულებები. შესაძლოა, ეს მართლაც შეიძლება წარმოდგენილი იყოს“, - ნათქვამია სტატიაში.
ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ დასავლური ინსტიტუტები არ დაელოდნენ OSCE/ODIHR-ის საბოლოო ანგარიშს და ისე გააკეთეს საბოლოო დასკვნები. ამასთან, ინსტიტუტმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებებს აბსურდული უწოდა.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა აბსურდულად მოიშველია საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებები, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი“; აბსურდულად, რადგან ადგილობრივი დამკვირვებლები უმეტესად წარმოადგენენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ქართულ ოპოზიციასთან. რაც შეეხება დასავლელ დამკვირვებლებს, ბევრ შემთხვევაში მათი ზემდგომი დაწესებულებები თვეების განმავლობაში ადანაშაულებდნენ საქართველოს მთავრობას არადემოკრატიულობაში და იმაში, რომ ის მოსკოვის გავლენის ქვეშ არის მოქცეული“, - ნათქვამია დასკვნაში.
ინსტიტუტმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პოზიციაც გააკრიტიკა.
ავტორის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნებს რუსული სპეცოპერაცია უწოდა; თუმცა დასავლელი ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეეძლო თუ არა პრეზიდენტს ამის დასაბუთება, მან მხოლოდ ის უპასუხა, რომ საქართველოს მთავრობამ რუსული მეთოდოლოგია გამოიყენა.
ამავდროულად, როგორც ინსტიტუტი აღნიშნავს, პრეზიდენტის მოწოდება „ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისადმი, მტკიცედ დაუჭირონ მხარი საქართველოს იმ ნაწილს, რომელიც ევროპულია, ანუ საქართველოს მოსახლეობას“ ნიშნავს საზოგადოების მხოლოდ ერთი ნაწილის პრივილეგირებულობას.
ეს ნიშნავს, რომ როგორიც არ უნდა იყოს არჩევნების შედეგები, ერთადერთი რეალური „საქართველოს მოსახლეობა“ არის ის ნაწილი, რომელიც თავის თავს აიგივებს დასავლეთთან, მხოლოდ მათი აზრია ჭეშმარიტად ლეგიტიმური, ხოლო ხელისუფლება, რომელიც უპირობოდ არ მიჰყვება „ევროპულ გზას“, თავისი არსით არალეგიტიმურია, მიუხედავად იმისა, ტარდება თუ არა არჩევნები“, - ნათქვამია დასკვნაში.
ამავე დროს, დასკვნაში აღნიშნულია, რომ არის რაღაც ღრმად უსიამოვნო იმაში, რომ კარგად ანაზღაურებადი დასავლელი კომენტატორები მშვიდად სხედან ვაშინგტონში, ლონდონში ან ბერლინში და პატარა და ღარიბი ქვეყნის მოქალაქეების შიშებს დიდ და საშიშ მეზობელთან ურთიერთობების გამო უარყოფენ როგორც იმთავითვე უკანონოს და სულელურს.
„თუ გინდათ, რომ ხალხმა მხარი დაგიჭიროს, თქვენ ალბათ არ უნდა დაიწყოთ თქვენი მიმართვა იმით, რომ მათ აზრს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ისინი არიან რუსეთის ტლუ და გაუნათლებელი მარიონეტები, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში არ იმსახურებენ საკუთარი ხმის უფლებას", - ნათქვამია დასკვნაში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა ფართომასშტაბიანი ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების მთვლელი აპარატების გამოყენებით. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერიფიკაციის აპარატში შემოწმდა, ხოლო ბიულეტენი ხმების დამთვლელ აპარატში თავსდებოდა.
არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ ოპოზიციური კოალიციები "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო"), "ძლიერი საქართველო" ("ლელო საქართველოსთვის", "ხალხისთვის" "თავისუფლების მოედანი", "მოქალაქეები", "კოალიცია ცვლილებისთვის" ("ახალი", "გირჩი - მეტი თავისუფლება", "დროა") და პარტია "საქართველოსთვის". მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნება და წინასწარი შედეგებით დაახლოებით 54% მოიპოვა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. ვერიფიკაციის აპარატში მოწმდებოდა პირადობის მოწმობა, ხოლო ხმის მთვლელ აპარატში ათავსებდნენ ბიულეტენს.
არჩევნებიდან მეოთხე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) ფარული კენჭისყრის პრინციპის მასიური დარღვევის შესახებ განაცხადა და 2263 საარჩევნო უბანზე (2/3) არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა. აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართა.
ფარული კენჭისყრის პრინციპის მასიური დარღვევის მტკიცებულება, საიას თქმით, არის კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე კამერების განლაგება და ის ფაქტი, რომ ბიულეტენის უკანა მხრიდან მოჩანდა მარკერის ანაბეჭდი (ანუ ჩანდა ის თუ რომელი პარტიის გასწვრივ გააფერადა წრე ამომრჩეველმა).
მოგვიანებით ცესკომ განაცხადა, რომ ბიულეტენის სწორად განთავსება სპეციალურ კონვერტში სრულად უზრუნველყოფს ფარული კენჭისყრის პრინციპს. ამასთან, ცესკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა, ხოლო კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე მითითებები იყო.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.