თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტი საბოტაჟის მცდელობების მიუხედავად მუშაობას დაიწყებს და მეტიც, ოპოზიციონერები საკანონმდებლო ორგანოში მალე თავად შევლენ, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბების სქემაზე განაცხადეს.
„შემოვლენ თუ არ შემოვლენ პარლამენტში, მათი გადასაწყვეტია. ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ უმარტივესი ზომები დავუპირისპიროთ მათი მხრიდან საბოტაჟის ნებისმიერ მცდელობას. მათ შორის, კონსტიტუცია, პარლამენტის რეგლამენტი გვანიჭებს ათასგვარ ინსტრუმენტს იმისთვის, რომ არავითარი ფასი არ ჰქონდეს მათ საბოტაჟს“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ განაცხადა, რომ უარს იტყვის დეპუტატის მანდატებზე, რესურსების არარსებობის გამო საბოტაჟის ეს მცდელობა დიდხანს არ გასტანს.
„შესაბამისად, მე მგონია, თვითონ თუ ვერ მიხვდებიან „ტოპტვინები“ ამ ყველაფერს, არიან გარე „ტოპტვინები“, რომლებიც ალბათ რჩევას მისცემენ ამასთან დაკავშირებით... ამიტომ მგონია, რომ, საბოლოო ჯამში, ისინი ბევრად უფრო მალე შევლენ პარლამენტში, ვიდრე ეს შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს“, - განაცხადა პრემიერმა.
მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა სიტყვა „ტოპ-ტვინები“ ფრთიან ფრაზად აქციეს და ირონიულ კონტექსტში იყენებენ. ეს სიტყვა მას შემდეგ გაჟღერდა, რაც კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების „ტოპ-ტვინები“, IT სპეციალისტებთან ერთად, მუშაობენ არჩევნების გაყალბების სქემის გამოაშკარავებაზე.
პრემიერის თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს იმის გამეორებას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდა.
„როცა 4 წლის წინ ჩვენ მოლაპარაკებები დავიწყეთ, პოლიტიკურ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ და კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავედით, მაშინვე ვთქვით, რომ ეს ყველაფერი არავითარ შემთხვევაში აღარ განმეორდებოდა და ეს ძალიან კარგად იციან ოპოზიციის წარმომადგენლებმაც“, - განაცხადა პრემიერმა.
ოპოზიციამ პარლამენტს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთანავე ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლება მათ გაყალბებაში დაადანაშაულა.
ოპოზიცია პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით, ხელისუფლებასთან 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების გაფორმებიდან რამდენიმე თვეში შევიდა.
ამ შეთანხმების მიხედვით, 2021 წლის შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარ რეფერენდუმად იქცა. თუ მმართველი პარტია პროპორციულ ნაწილში ხმების 43%-ზე მეტს ვერ მიიღებდა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო. „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ ამომრჩეველთა ხმების 46,7% მიიღო.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა ფართომასშტაბიანი ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების მთვლელი აპარატების გამოყენებით. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერიფიკაციის აპარატში შემოწმდა, ხოლო ბიულეტენი ხმების დამთვლელ აპარატში თავსდებოდა.
არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ ოპოზიციური კოალიციები "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო"), "ძლიერი საქართველო" ("ლელო საქართველოსთვის", "ხალხისთვის" "თავისუფლების მოედანი", "მოქალაქეები", "კოალიცია ცვლილებისთვის" ("ახალი", "გირჩი - მეტი თავისუფლება", "დროა") და პარტია "საქართველოსთვის". მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნება და წინასწარი შედეგებით დაახლოებით 54% მოიპოვა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. ვერიფიკაციის აპარატში მოწმდებოდა პირადობის მოწმობა, ხოლო ხმის მთვლელ აპარატში ათავსებდნენ ბიულეტენს.
არჩევნებიდან მეოთხე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) ფარული კენჭისყრის პრინციპის მასიური დარღვევის შესახებ განაცხადა და 2263 საარჩევნო უბანზე (2/3) არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა. აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართა.
ფარული კენჭისყრის პრინციპის მასიური დარღვევის მტკიცებულება, საიას თქმით, არის კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე კამერების განლაგება და ის ფაქტი, რომ ბიულეტენის უკანა მხრიდან მოჩანდა მარკერის ანაბეჭდი (ანუ ჩანდა ის თუ რომელი პარტიის გასწვრივ გააფერადა წრე ამომრჩეველმა).
მოგვიანებით ცესკომ განაცხადა, რომ ბიულეტენის სწორად განთავსება სპეციალურ კონვერტში სრულად უზრუნველყოფს ფარული კენჭისყრის პრინციპს. ამასთან, ცესკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა, ხოლო კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე მითითებები იყო.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.