ერევანსა და ბათუმს საახალწლო დღესასწაულებზე შესაძლოა პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

კომპანია 28 დეკემბრიდან 12 იანვრამდე პერიოდში 12 რეგულარული რეისის შესრულებას გეგმავს
Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. სომხური ავიაკომპანია Armenian Airlines-მა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში საახალწლო დღესასწაულებზე ერევანსა და ბათუმს შორის პირდაპირი ავიარეისების შესრულებაზე განაცხადი შეიტანა, იუწყება მედიაპლატფორმა BMG სააგენტოზე დაყრდნობით.
უწყების ინფორმაციით, ავიაკომპანია Armenian Airlines-ი მიმდინარე წლის 28 დეკემბრიდან 2025 წლის 12 იანვრამდე ერევანსა და ბათუმს შორის ჯამში 12 რეგულარული ფრენის შესრულებას გეგმავს.
„განაცხადი უწყებაში შემოვიდა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს და ამ ეტაპზე განხილვის სტადიაშია", - განაცხადეს სააგენტოში.
2022 წელს შექმნილი Armenian Airlines ბაზირებულია „ზვართნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში. ბათუმში პირველი რეისების განხორციელება 2024 წლის საზაფხულო სეზონზე დაიწყო.