ჭიათურაში მანგანუმის მოპოვება შეჩერებულია - კომპანიამ მიზეზები განმარტა

საწარმოო პროცესი 2025 წლის 1 მარტამდე არის შეჩერებული, მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში კომპანია შეეცდება კრიზისის დაძლევის გეგმის შეთანხმებას.
Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. Chiathura Management Company-მ, რომელიც ჭიათურაში სამთომოპოვებით საქმიანობას მართავს, ფინანსური კრიზისის გამო საქართველოში მანგანუმის მადნის მოპოვებისა და გადამუშავების პროცესი მთლიანად შეაჩერა, განაცხადა კომპანიის დირექტორმა მაქსიმ მაზურენკომ.
კომპანიაში ფინანსური კრიზისი კომპანია Georgian Manganese-ის წინააღმდეგ შუქრუთის შეშახტეებისა და მოსახლეობის ნაწილის ხანგრძლივი პროტესტის ფონზე წარმოიქმნა. შუქრუთისა და კოროხნალის შახტების მუშაობის პარალიზება 230 დღის წინ მოხდა. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ორივე შახტის შესასვლელი და მოითხოვეს, რომ კომპანიამ შეასრულოს 2019-2021 წლების საპროტესტო აქციის შედეგად მიღწეული შეთანხმებები და გადაიხადოს კომპენსაცია.
„საწარმოს გაჩერების მიზეზი უპირველესად არის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის რადიკალური ნაწილის პროტესტი, რის გამოც მაღაროების 70% გაჩერებული იყო და არ გვეძლეოდა მოპოვების შესაძლებლობა”, - განაცხადა მაზურენკომ.
შექმნილ მძიმე კრიზისთან დაკავშირებით, ჩვენ გადავწყვიტეთ კომპანიაში წარმოების პროცესი მთლიანად შეგვეჩერებინა და თანამშრომელები 60 პროცენტიან შრომის ანაზღაურებაზე გადაგვეყვანა, აღნიშნა მან.
მაზურენკოს თქმით, თუ ადრე კომპანია თვეში 90-100 ათას ტონა პროდუქციას აწარმოებდა, პარალიზებული მაღაროების პირობებში წარმოება 30-35 ათას ტონამდე შემცირდა.
კომპანიის ცნობით, ახლანდელ რთულ პირობებში, როდესაც საწარმოების უმეტესობა რვა თვით იყო შეჩერებული, კომპანია თანამშრომლებს სრულ ხელფასს უხდიდა.
„მაღაროელებს, რომლებიც შუქრუთის მოსახლეობის პროტესტის გამო ვერ მუშაობდნენ ხელფასის 100% ვუხდიდით, პარალელურად მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით შუქრუთის მოსახლეობასთან, რამაც შედეგი ვერ გამოიღო“, - განაცხადა მაზურენკომ.
საწარმოო პროცესის სრული შეწყვეტის პირობებში კომპანია თანამშრომლებს ხელფასის 60%-იან კომპენსაციას და საოჯახო დაზღვევის მოქმედი პაკეტის შენარჩუნებას სთავაზობს.
კომპანიის გადაწყვეტილებით, საწარმოო პროცესი 2024 წლის 1 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე შეჩერდა. მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში კომპანია შეეცდება ყველა მხარესთან კრიზისის დაძლევის გეგმის შეთანხმებას მიაღწიოს.
რადიკალურმა ჯგუფმა შახტები 2024 წლის 13 მარტს გადაკეტა, რათა დამატებითი კომპენსაცია მიეღო. თუმცა შახტების მმართველმა კომპანიამ Chiatura Management Company-მ კონკრეტული მტკიცებულებები გაასაჯაროვა. მათი ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორებმა კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა უკვე აიღეს და მათ მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
ადრე კომპანიაში განაცხადეს, რომ შახტები არა მხოლოდ შეჩერებულია, არამედ მათში მთელი ამ ხნის განმავლობაში არ მუშაობს ვენტილაცია, რამაც შესაძლოა არა მხოლოდ კონსერვაციის, არამედ ლიკვიდაციის მიზეზიც გახდეს.
პროტესტისა და გაფიცვის გამო ჭიათურის 12-დან 7 მაღარო იყო გაჩერებული. მიუხედავად კომპანიის წარმომადგენლების არაერთი მცდელობისა გადაკეტილ შახტებში შეეღწიათ, გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება ვერ ხერხდება. ამ პერიოდში გვირაბებში მიწის გრუნტი რამდენჯერმე ჩამოინგრა.
უკმაყოფილება შუქრუთში
მრავალი წელია, შუქრუთის მაცხოვრებლები კომპანიას მათი საცხოვრებელი გარემოს განადგურებაში, ეკოლოგიისა და მათი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებენ. გაფიცულების თქმით, კომპანიის საქმიანობის შედეგად სოფელში საცხოვრებელი სახლების ნაწილი ავარიული გახდა, ჭები დაშრა, ხეები კი ნაყოფს აღარ ისხამენ. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ წარუმატებლად ცდილობენ ცენტრალური ხელისუფლების ყურადღების მიქცევას. კომპანია სოფლის მცხოვრებლების ბრალდებებს უარყოფს.
Georgian Manganese Holding – მაღალხარისხიანი ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. კომპანიის პროდუქცია რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში გადის.
Georgian Manganese -ის ინფორმაციით, მათ არაერთხელ სცადეს შახტების გახსნა და სამუშაო პროცესის განახლება, თუმცა პროტესტის მონაწილეებმა თვითნებურად გადაკეტეს შახტები და კომპანიას მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.
კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".
Georgian Manganese Holding ქვეყანაში მანგანუმის მადნის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა.
ადრე, 31 ივლისს პროკურატურამ მაღაროების დაზიანებისკენ მიმართული ქმედების ფაქტზე აქციის სამ მონაწილეს ბრალდება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში აქტიური მონაწილეობის მუხლით წარედგინა, რამაც საწარმოს მუშაობის შეფერხება გამოიწვია. დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მარტიდან ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად ორგანიზებულად მოახდინეს შპს „მაღაროელის“ კუთვნილი კოროხნალისა და შუქრუთის მიწისქვეშა მაღაროების პიკეტირება. 21 ივლისიდან კი მათ სავენტილაციო სივრცეში შესასვლელი დაბლოკეს.
ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ.