საჩივრების რაოდენობა შემცირებულია - ცესკომ ამ წლის არჩევნები წინა წლების არჩევნებს შეადარა

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში 1170 საჩივარი შევიდა
Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და პარტიებმა საოლქო საარჩევნო კომისიებში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით 1170 საჩივარი შეიტანეს, რაც წინა არჩევნების მონაცემებთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია, ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი სანტურიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წარმოდგენილი იყო სულ 2054 საჩივარი, 2021 წელს - 1840 საჩივარი.
„საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვას, ბუნებრივია, უნდა მოჰყოლოდა გარკვეული პროცედურული დარღვევების თვალსაზრისით საჩივრების რაოდენობის კლება, რასაც მიმდინარე სტატისტიკაც ადასტურებს“, - განაცხადა სანტურიანმა.
26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენის ვადები დასრულდა. სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე სულ წარადგინეს 570 საჩივარი, პარტიებმა - 600.
გადათვლა-ბათილობასთან დაკავშირებით წარმოდგენილია 544 საჩივარი;
დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით - 428;
მოთხოვნის გარეშე - 47;
ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე - 151.
26, 27 და 28 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაციაში წარმოდგენილია სულ 652 საჩივარი, და აქედან მხოლოდ 7 საჩივარი შეეხება ისეთ შემთხვევას, სადაც საჩივრის ავტორი მიუთითებს გაფერადების შემდგომ ბიულეტენის მეორე მხარეს შესაბამისი მონიშვნის არსებობაზე.
სანტურიანის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კენჭისყრის დღეს აღნიშნული საკითხი, როგორც პრობლემა, არ იყო იდენტიფიცირებული.
არჩევნებიდან მეოთხე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) ფარული კენჭისყრის პრინციპის მასიური დარღვევის შესახებ განაცხადა და 2263 საარჩევნო უბანზე (2/3) არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა. აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართა.
ფარული კენჭისყრის პრინციპის მასიური დარღვევის მტკიცებულება, საიას თქმით, არის კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე კამერების განლაგება და ის ფაქტი, რომ ბიულეტენის უკანა მხრიდან ლანდავდა მარკერის ანაბეჭდი (ანუ ჩანდა ის თუ რომელი პარტიის გასწვრივ გააფერადა წრე ამომრჩეველმა).
მოგვიანებით ცესკომ განაცხადა, რომ ბიულეტენის სწორად განთავსება სპეციალურ კონვერტში სრულად უზრუნველყოფს ფარული კენჭისყრის პრინციპს. ამასთან, ცესკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა, ხოლო კენჭისყრის დღეს იყო მითითებები საარჩევნო უბნებზე.
„სამწუხაროდ, ნარჩუნდება ე.წ. შაბლონური საჩივრების წარდგენის ტენდენცია. კერძოდ, იცვლება მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიების ჩამონათვალი, მათი ნუმერაცია, ხოლო მთლიანობაში საჩივარი თავისი შინაარსით არ იცვლება“, - განაცხადა სანტურიანმა.
მისი თქმით, ე.წ. შაბლონური საჩივრების შეტანის მიზანია სტატისტიკის ხელოვნურად გაზრდა და არა კონკრეტული პრობლემის ასახვა.
მან აღნიშნა, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია გადაამოწმოს საჩივრები ცესკოს ვებგვერდზე განთავსებულ საჩივრების რეესტრში.
საჩივრების განხილვა საოლქო კომისიებში 3 ნოემბრამდე გაგრძელდება.