თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ციხეებში პატიმრების სიკვდილიანობა 10-ჯერ არის შემცირებული 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით, რაც პატიმრების მიმართ დამოკიდებულების შეცვლას ადასტურებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თერჯოლაში იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე.
საქართველოში პატიმართა რაოდენობამ ახალი ანტირეკორდი მოხსნა ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ და გადააჭარბა 2014 წლის მაჩვენებელს. მიმდინარე წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში 10.523 ადამიანი იმყოფებოდა. საქართველოში სულ 14 ციხეა. 2011 წელს ციხეში 24.114 ადამიანი იჯდა.
„ის სტატისტიკა, რაც ჩვენ გვაქვს პატიმრების რაოდენობის თვალსაზრისით, არის უკვე რადიკალურად განსხვავებული იმისგან, რაც გვქონდა 2012 წლამდე. რაც შეეხება პატიმრების სიკვდილიანობას, აქ 10-ჯერ არის შემცირებული სტატისტიკა, რაც ნიშნავს, რომ ციხეები გათავისუფლდა რეპრესიული სულისკვეთებისგან და დღეს, რეალურად, პატიმრების მიმართ დამოკიდებულება არის თვისებრივად განსხვავებული, ჰუმანური“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ჰუმანური დამოკიდებულება არაერთხელ დაუდასტურებიათ მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებსაც მოუწიათ თავად გასცნობოდნენ სასჯელაღსრულების სისტემას.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ პატიმრების რაოდენობა საქართველოში კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს საშუალო ევროპულ მაჩვენებლებს.
„პატიმრების რაოდენობა არის 2,5-ჯერ შემცირებული და ვმუშაობთ, რომ კიდევ უფრო მეტად შემცირდეს, ამისთვის ჩვენ მივიღეთ ამნისტიის შესახებ კანონი, თუმცა გადაიდგმება დამატებითი ნაბიჯები იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ საშუალო ევროპულ მაჩვენებლებს პატიმრების რაოდენობის კუთხით“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნისას 12 წლის განმავლობაში ათჯერ მეტი იუსტიციის სახლი გაიხსნა და ეს ყველაფერი „არის საერთო დამოკიდებულების გამოხატულება, რომელიც აქვს ხელისუფლებას ადამიანის მიმართ, საკუთარი მოქალაქეებისა და საკუთარი ქვეყნის მიმართ“.
საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის სულ 123 ფილიალი ფუნქციონირებს.
„ყველას გეკუთვნით განსაკუთრებული მადლობა, ვინც ემსახურებით ამ ქვეყანას და მის ინტერესებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, რომელიც ხელმძღვანელობს ამ სისტემას ძალიან დიდი წარმატებით“, - განაცხადა პრემიერმა.
კანონი „ამნისტიის შესახებ“
სექტემბრის ბოლოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს „ამნისტიის შესახებ“. კანონი ასობით პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებს.
ამნისტია შეეხება 5 ათასზე მეტ პატიმარს, საიდანაც ათასზე მეტი მაშინვე გათავისუფლდება, დანარჩენებს კი საპატიმრო სასჯელის ვადა შეუმცირდებათ.