ოპოზიციის გეგმა რევოლუციის ნიშნებს შეიცავს - ვიცე-სპიკერი

საპროტესტო აქციის გამართვას პარლამენტში შესული ოთხიდან სამი ოპოზიციური ძალა აპირებს.
Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიციის გეგმა, რომელიც არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, შეიცავს სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციური პროცესების განვითარების ნიშნებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ. ორშაბათისთვის გამოცხადებული საპროტესტო აქციის კომენტირებისას.
4 ნოემბერს თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციის გამართვას პარლამენტში შესული ოთხიდან სამი ოპოზიციური ძალა აპირებს. ისინი მოითხოვენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც მმართველმა პარტიამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 53,93%-ით მიიღო, არალეგიტიმურად იქნას ცნობილი და დაინიშნოს ახალი არჩევნები.
„ერთადერთი რამ შეიძლება დაერქვას იმ გეგმას, რომელსაც ეს პოლიტიკური სუბიექტები ატარებენ და ეს არის მავნებლობა. მათი ეს გეგმა აშკარად შეიცავს სახელმწიფო გადატრიალების მოხდენისა და რევოლუციური პროცესების განვითარების ნიშნებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, ოპოზიციას ორშაბათამდე უნდა, ხალხის გარკვეული მობილიზება მოახდინოს.
ორშაბათს აქციის ჩატარების და ამ აქციაზე თავისი გეგმების გახმოვანების შესახებ შეთანხმდნენ შემდეგი კოალიციების ლიდერები: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“), „ძლიერი საქართველო“ („ლელო საქართველოსთვის“, „ხალხისთვის“, „თავისუფლების მოედანი“, „მოქალაქეები“) და „კოალიცია ცვლილებისთვის“ („ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“).
31 ოქტომბერს გამართულ შეხვედრას არ ესწრებოდნენ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის ლიდერები, რომელიც არჩევნების შედეგების მიხედვით ასევე გავიდა პარლამენტში. როგორც გახარიას თანამოაზრემ, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, მათ საკუთარი გეგმა გააჩნიათ.
გახარიას პარტიის ქცევა მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიციაში არ არის ერთიანობა, განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. „ხალხის ძალა“ არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მონაწილეობდა.
ამ ოპოზიციაში არასდროს არ ყოფილა ერთიანობა, ეს შესამჩნევი იყო, როდესაც განცხადების ირგვლივაც ვერ ერთიანდებოდნენ... ახლაც ბარიერგადალახული ოთხი პარტიიდან შეიკრიბა სამი, ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, ძალით მიიყვანეს, განაცხადა მაჭარაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნები-2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბების სქემაზე განაცხადეს.
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.
გამოძიებების დაწყებას საფუძვლად დაედო ოპოზიციური და მმართველი პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მომართვები, ასევე მედიით გავრცელებული ინფორმაციები. ოპოზიციონერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა, რომლებიც ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობენ, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.