კალანდარიშვილმა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას დადებითი შეფასებისთვის მადლობა გადაუხადა

გიორგი კალანდარიშვილმა ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნების დღიდან ამ დრომდე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მადლობა გადაუხადა OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ობიექტური, მიუკერძოებელი და დადებითი შეფასებისთვის, ნათქვამია ცესკოს პრესსამსახურის განცხადებაში.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
გიორგი კალანდარიშვილმა ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნების დღიდან ამ დრომდე განვითარებულ მოვლენებთან და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა საარჩევნო პროცესთან მიმართებაში.
ცესკოს თავმჯდომარის თქმით, კომისია გაეცნო ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს და ყველა იმ მიგნებასა თუ წუხილს, რომელიც დოკუმენტში არის აღნიშნული.
კალანდარიშვილმა დაადასტურა მზაობა, რომ მოხდება ამ ინფორმაციის გაანალიზება და კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინება, გარდა ამისა, დამკვირვებლებს ყველა მათთვის საინტერესო მონაცემებს გააცნობენ.
გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ეს იყო პირველი არჩევნები, რომელზეც საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით იქნა გამოყენებული და მნიშვნელოვანია ამ პროცესის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან ობიექტური მოსაზრებების და რეკომენდაციების მოსმენა.
ეუთო/ოდირის მისიას ოუენ მერფი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ მისიის უფროსის მოადგილე მარსელ ნაჯი, საარჩევნო საკითხების ანალიტიკოსი მარცელა მაშკოვა, ანალიტიკოსი ანა მელიქიანი.
საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი.
კენჭისყრიდან მეორე დღეს ოპოზიციის მხარდამჭერმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების ტოტალურად გაყალბებაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, „გაყალბების გასათეთრებლად“, გამოყენებული იქნა თანამედროვე ტექნოლოგიები. ზურაბიშვილის მტკიცებით, ერთი დოკუმენტით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბების სქემაზე განაცხადეს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.