თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეოთხე მემილიონე მგზავრი დაფიქსირდა, იუწყება თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ეს ციფრი 2005 წლიდან დღემდე „ტავ ჯორჯიას“ მიერ აეროპორტების მართვის ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბოლო რეკორდული მაჩვენებელი 2018 წელს 3.808.772 მგზავრით დაფიქსირდა. 2024 წლის ბოლომდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი, სავარაუდოდ, 4.800.000-ს მიაღწევს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვიზიტები საქართველოში
საქართველოში 2024 წლის იანვარი-სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,1%-ით გაიზარდა და 5,8 მილიონი შეადგინა.
ვიზიტების მთლიანი რაოდენობიდან ტურისტული იყო 3,7 მილიონი, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 9,2%-ით მეტია.
2024 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთის მოქალაქეებმა განახორციელეს.