თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, 47 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
გამოძიებების დაწყებას საფუძვლად დაედო ოპოზიციური და მმართველი პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მომართვები, ასევე მედიით გავრცელებული ინფორმაციები.
კერძოდ, გამოძიება მიმდინარეობს არჩევნების გაყალბების, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის, საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის მოსყიდვის, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან წინასაარჩევნო აგიტაციისას ძალადობის და მუქარის, ნივთის დაზიანების და განადგურების საქმეზე.
„საგამოძიებო უწყებებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე ინფორმირებული და შემხებლობაში მყოფი პირების დაბარება და გამოკითხვა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს ვიდეო მასალების შესწავლა და პირთა იდენტიფიცირება, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ცალკეულ შემთხვევებში პირები, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ ფლობენ ინფორმაციას და მტკიცებულებებს არჩევნების პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და უარს აცხადებენ შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებაზე, რაც აფერხებს გამოძიების პროცესს.
„საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მათ, დროულად გამოცხადდნენ საგამოძიებო სტრუქტურებში და ითანამშრომლონ, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გარდა ამისა, პროკურატურაში დაადასტურეს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში 69-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი ინციდენტის გამო, სადაც საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის დროს ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი დაფიქსირდა, ორი პირია დაკავებული.
მითითებულ უბანზე ხმის მიცემა ძველი სისტემით მიმდინარეობდა. ბიულეტენებს ყრიდნენ საარჩევნო ყუთში, და არა სპეციალურ წამკითხველ აპარატში. მომხდარის შემდეგ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საოლქო კომისიამ კენჭისყრის პროცესი შეაჩერა და უბანზე კენჭისყრის შედეგები ბათილად ცნო.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ადრე განაცხადა, რომ ბიულეტენების ჩაყრა განახორციელა მათი პარტიის საკრებულოს დეპუტატმა, რომელიც მოქმედებდა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გეგმის მიხედვით.
არჩევნები საქართველოში
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.
კენჭისყრიდან მეორე დღეს ოპოზიციის მხარდამჭერმა ზურაბიშვილმა არჩევნების ტოტალურად გაყალბებაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, „გაყალბების გასათეთრებლად“, გამოყენებული იქნა თანამედროვე ტექნოლოგიები. ზურაბიშვილის მტკიცებით, ერთი დოკუმენტით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი.
ხელისუფლება ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების ფაბრიკაცია.