ქართულ ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss შემოდის

ავიაკომპანიასთან ორწლიანი აქტიური მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი— Sputnik. 2025 წლის აპრილიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია Edelweiss-ი დაიწყებს ოპერირებას, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ავიაკომპანია Edelweiss-ი ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 2025 წლის 12 აპრილიდან კვირაში ორი სიხშირით, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდები შეასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ციურიხი სრულიად ახალი მიმართულებაა საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის - ამ დრომდე აღნიშნული მიმართულებით საქართველოს არცერთი აეროპორტიდან არ განხორციელებულა ფრენები.
„ავიაკომპანია Edelweiss ძირითადად საკურორტო მიმართულებით ოპერირებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, ჩვენს მიზანს შვეიცარიიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების მოზიდვა წარმოადგენს", - განაცხადა ქარქაშაძემ.
Edelweiss 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიული Swiss International Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც Lufthansa ჯგუფის მფლობელობაში შედის. იგი ფრენებს ციურიხის ბაზიდან ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის კონტინენტზე 90 მიმართულებით ასრულებს.