თქვენი საქმით დაკავდით - პრეზიდენტი პროკურატურაში მისვლას არ აპირებს

საქართველოს პარტნიორები აკვირდებიან იმას, შეუძლია თუ არა პროკურატურას იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, განაცხადა ზურაბიშვილმა
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პროკურატურას, რომელმაც იგი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ბრალდებებთან დაკავშირებით ჩვენების მისაცემად დაიბარა, მოუწოდა საკუთარი საქმით დაკავდეს და ხელი არ შეუშალონ მის საქმიანობას.
საქართველოს პროკურატურამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ცესკოში აღნიშნეს, რომ არჩევნების გაყალბების შესახებ განცხადებებმა, რომელსაც აკეთებენ ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პოლიტიკოსები და სხვა დაინტერესებული პირები, მასშტაბურ ხასიათი მიიღო.
„პროკურატურას ვურჩევდი, საკუთარ საქმით დაკავდნენ და პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება შეწყვიტონ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს პარტნიორები აკვირდებიან იმას, შეუძლია თუ არა პროკურატურას იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. და ის, რასაც ახლა პროკურატურა აკეთებს, კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს.
„ასე, რომ პროკურატურა თავის საქმეს შეუდგეს, პრეზიდენტი კი თავის საქმეს მიხედავს", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.
კენჭისყრიდან მეორე დღეს ოპოზიციის მხარდამჭერმა ზურაბიშვილმა არჩევნების ტოტალურად გაყალბებაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, „გაყალბების გასათეთრებლად“, გამოყენებული იქნა თანამედროვე ტექნოლოგიები. ზურაბიშვილის მტკიცებით, ერთი დოკუმენტით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი.
ხელისუფლება ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების ფაბრიკაცია.