თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქ ხალხს რესპუბლიკის დაარსებიდან 101-ე იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ დროის განმავლობაში თურქეთი გახდა ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშე როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე.
თურქეთში რესპუბლიკის დღე (Republic Day in Turkey) 1923 წელს თურქეთის რესპუბლიკის (Cumhuriyet Turkiye) გამოცხადების აღსანიშნავად იმართება. ამ დღეს ქვეყნის კონსტიტუციაში შესწორებები შეიტანეს, რომლის შედეგადაც ოსმალეთის იმპერია დაიშალა და თურქეთი რესპუბლიკა გახდა.
„დიდი პატივია თურქეთის რესპუბლიკის დღის 101-ე იუბილის აღნიშვნაში მონაწილეობა. ეს დღე თურქი ხალხის ისტორიაში გადამწყვეტ მომენტს წარმოადგენს და, ასევე, ეროვნული დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და დემოკრატიის მყარი ღირებულებების აღიარებაა. საქართველოს პარლამენტის სახელით, გულთბილად ვულოცავ თურქ ხალხს ამ ისტორიულ დღესასწაულს. დაე, თურქეთის რესპუბლიკამ გააგრძელოს განვითარება და ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა ყოველწლიურად უფრო გაძლიერდეს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოსა და თურქეთს უნიკალური მეგობრობა და ძმობა აკავშირებს - ერთმანეთს გვერდში უდგანან, პატივს სცემენ ერთმანეთის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და იდენტობას.
„ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ადასტურებს ურთიერთპატივისცემის ძალას და ჩვენი ხალხების კეთილდღეობისადმი ერთგულებას. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო განვითარდა და ბევრ სფეროს მოიცავს: ვაჭრობას, ენერგეტიკას, კულტურას, განათლებას და სხვა მრავალ მიმართულებას”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშვილმა პარლამენტებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და გამოთქვა ვარაუდი, რომ პარტნიორობა გაგრძელდება ერების საკეთილდღეოდ.
„ძალიან ვაფასებთ საქართველოს პარლამენტსა და თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას შორის მტკიცე კავშირებს. ჩვენი საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებს ნაყოფიერი სამუშაო ურთიერთობა, მეგობრული კავშირები და ღირებული კომუნიკაცია აქვთ ყველა დონეზე. მზად ვართ, არსებული თანამშრომლობის საფუძველზე, ხელი შევუწყოთ ჩვენი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას", - განაცხადა სპიკერმა.
პაპუაშვილის განცხადებით, ქვეყნების სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, როგორც საქართველო, ისე თურქეთი ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ გადამწყვეტ როლს ასრულებენ.
მისი თქმით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ფასდაუდებელია არა მხოლოდ ორმხრივი ეკონომიკური მიღწევების, არამედ რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს 1992 წლის 21 მაისს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.