კალაძე: ოპოზიციას ზამთარში თოვლის გუნდას არ ანდობ

საქართველოში ბოროტება, სიყალბე, სიბინძურე ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის, განაცხადა მმართველი პარტიის გენმდივანმა
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ხალხი ვერ ენდო ოპოზიციას, რომელსაც ზამთარში თოვლის გუნდაც კი შეიძლება ვერ ანდო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ საპარლამენტო არჩევნების შედეგებთნ დაკავშირებით ოპონენტების რეაქციაზე კომენტარისას.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.
„ჩვენი მშვიდობისმოყვარე, თავისუფალი, სამართლიანი ხალხი არ დაუშვებს იმას, რომ ქვეყნის მართვა მიანდოს ყველანაირ სიბინძურეზე წამსვლელ ადამიანებს... როგორ უნდა განდოთ თქვენ ხალხმა ქვეყანა, ზამთარში შეიძლება კაცმა თოვლის გუნდა არ განდოთ, რა ქვეყნის მართვაზეა საუბარი?", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციამ არჩევნებზე დამარცხებაში ყველა დაადანაშაულა, მათ შორის ახალგაზრდობა.
„თქვენ ყველასა და ყველაფერს დააბრალეთ არჩევნებში მარცხი, წაგება საკუთარი თავების გარდა. არავინ გამოსულა და არ გითქვამთ, რომ თქვენ პრობლემები გქონდათ და ამის გამო განიცადეთ მარცხი", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მსგავსი დამოკიდებულება წარმოუდგენელია.
„იმიტომ ხართ იმ მდგომარეობაში, სადაც დღეს იმყოფებით. საქართველოში ბოროტება, სიყალბე, სიბინძურე, რასაც თქვენ კადრულობთ, ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის და მას არანაირი მომავალი არ აქვს", - აღნიშნა პარტიის გენმდივანმა.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საერთაშორისო მისიის დასკვნამ დაადასტურა საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.