თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ბიულეტენის სპეციალურ კონვერტში სწორად მოთავსება სრულად უზრუნველყოფს ხმის ფარულობის პრინციპს, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში აღნიშნული პრინციპის მასობრივად დარღვევის შესახებ ბრალდების პასუხად.
ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის მაობრივად დარღვევის მტკიცებულებად არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მოჰყავს ის ფაქტი, რომ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, ამასთან, ბიულეტენის ხარისხი ისეთი იყო, რომ უკანა მხარეს ჩანდა ამომრჩევლის მიერ სასურველი პარტიის წინ გაფერადებული წრის კვალი.
„ბიულეტენები დაიბეჭდა მაღალი გრამაჟობის ოფსეტურ ქაღალდზე, რომელიც გაცილებით სქელია, ვიდრე ეს იყო 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებული ბიულეტენების შემთხვევაში", - განაცხადა შარაბიძემ.
მისი თქმით, ბიულეტენები დაიბეჭდა შესაბამისი წესით შერჩეულ სტამბებში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები.
გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ სპეციალური ჩარჩო-კონვერტი დამზადებული იყო იმგვარი სისქის ქაღალდისგან, რომელშიც ბიულეტენების სწორად მოთავსების შემთხვევაში სრულად იყო დაცული ფარულობა.
როგორც ცესკოს წარმომადგენელმა აღნიშნა, არაერთგზის ჩატარდა ტესტირება, რა დროსაც გათვალისწინებული იქნა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები.
„ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიისას საარჩევნო ადმინისტრაცია განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებდა ჩარჩო-კონვერტის გამოყენების ინსტრუქციაზე", - განაცხადა შარაბიძემ.
ამასთან, ხმის მიცემის პროცედურის ყველა ნაბიჯი გამოკრული იყო საჯაროდ ყველა უბანზე, დასძინა მან.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა - 2.263-ვე უბნის (2/3) შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვს.
როგორც საიაში განმარტეს, მათ უკვე მიმართეს პროკურატურას მათ მიერ გამოთქმული ბრალდებების გამოძიების დასაწყებად.
ამასთან, ოთხშაბათს საქართველოს პროკურატურამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ცესკოში აღნიშნეს, რომ არჩევნების გაყალბების შესახებ განცხადებებმა, რომელსაც აკეთებენ ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პოლიტიკოსები და სხვა დაინტერესებული პირები, მასშტაბურ ხასიათი მიიღო.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
ახალი ტექნოლოგიები 3.111 უბნიდან 2.263-ში იქნა გამოყენებული. ტრადიციული მეთოდით ხმის მიცემა მხოლოდ მაღალმთიან რაიონებში და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე განხორციელდა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.
კენჭისყრიდან მეორე დღეს ოპოზიციის მხარდამჭერმა ზურაბიშვილმა არჩევნების ტოტალურად გაყალბებაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, „გაყალბების გასათეთრებლად“, გამოყენებული იქნა თანამედროვე ტექნოლოგიები. ზურაბიშვილის მტკიცებით, ერთი დოკუმენტით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი.
ხელისუფლება ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების ფაბრიკაცია.