აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოში განვითარებული მოვლენებით „ღრმად შეშფოთებულია“

ბაიდენი მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან საარჩევნო სამართლიანობის აღდგენის თაობაზე.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდემა განაცხადა, რომ ღრმად შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიის რეგრესით და საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევებით.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.
როგორც თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული, „აშშ დიდი ხანია დგას ქართველ ხალხთან ერთად და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს'.
„სწორედ ამიტომ ძალიან საგანგაშო იყო ქვეყნის ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლა, მათ შორის კანონპროექტების ამოქმედება, რომლებიც რუსული კანონების სარკის ანარეკლს წარმოადგენენ, რომლებიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ზღუდავს სივრცეს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტი ასევე მიუთითებს იმაზე, რომ საპარლამენტო არჩევნები დაიჩრდილა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების მრავალი დაფიქსირებული შემთხვევით, ასევე ამომრჩევლების დაშინებითა და იძულებით.
„საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი ხედვები ამ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არ გამოაცხადეს თავისუფლად და სამართლიანად", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი, აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა, ასევე გაიწვიოს ისეთი კანონები, როგორიცაა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
ბაიდენი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან საარჩევნო სამართლიანობის აღდგენის თაობაზე.
„ყველა მხარეს მოვუწოდებთ, სრულად სცენ პატივი კანონის უზენაესობას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად რჩება”, - ნათქვამია განცხადებაში.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საერთაშორისო მისიის დასკვნამ დაადასტურა საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა.
ცესკოს ბოლო შედეგები:
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,936%;
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,034%;
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,166%;
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,809%;
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,769%.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.