ალავერდის საკათედრო ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღიმართა

ალავერდი XI საუკუნის საკათედრო და სამონასტრო კომპლექსია, რომელიც კახეთის რეგიონში, სოფელ ალავერდში, თელავიდან 20 კმ-ში მდებარეობს
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის სამონასტრო კომპლექსის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის გუმბათზე ახალჩამოსხმული თითბრის ჯვარი აღიმართა, ნათქვამია საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
25 ივნისს ახმეტის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარიშხალმა ალავერდის ტაძარს ზიანი მიაყენა. ძლიერმა ქარმა გუმბათს თუნუქის საფარი გადახადა, დააზიანა კრამიტის სახურავი, ჩაამსხვია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დააზიანა სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის სახურავები. სტიქიის შდეგად ჩამოიშალა სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდა ჯვარი და დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
უწყების ცნობით, ჯვრის დამზადების პროცესს კი წინ უძღოდა საპროექტო სამუშაოები. პროექტის მიხედვით გაკეთდა მაკეტი, რომლის საფუძველზეც დამზადდა ყალიბი, რომელშიც ჩამოისხა თითბრის ჯვარი. ჯვრის ჩამოსხმა მიმდინარეობდა არქიტექტორ-რესტავრატორების ზედამხედველობით.
გარდა ამისა, უახლოეს დღეებში იგეგმება გუმბათის ქვედა ნაწილებში დამტვრეული ლორფინების აღდგენა, რის შემდეგაც მოეწყობა სპილენძის საბურველი.
ალავერდის ეპარქიასთან შეთანხმებით, სააგენტოს მიერ უმოკლეს ვადაში მოეწყო როგორც ტაძარზე (გუმბათის ჩათვლით), ასევე საეპისკოპოსო სახლის მთელ პერიმეტრზე ხარაჩო.
სამინისტროს ცნობით, აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში დასრულდა საეპისკოპოსო სახლსა და ტაძრის დასავლეთ მინაშენზე (სტოა) კრამიტის საბურვლის მოწყობა. ასევე შეიცვალა ალავერდის სამონასტრო კომპლექსში შემავალ სიძველეთა საცავის სახურავზე დაზიანებული კრამიტის საბურველი. აღდგა ტაძრის მკლავებისა და ნავების სახურავებზე დაზიანებული ლორფინები და გაიწმინდა მცენარეული საფარი. კარიბჭე-სამრეკლოს გუმბათზე მოეწყო სპილენძის ბურული, ხოლო 10 სექტემბერს მასზე აღიმართა ახალჩამოსხმული ჯვარი.
ალავერდი XI საუკუნის საკათედრო და სამონასტრო კომპლექსია, რომელიც კახეთის რეგიონში, სოფელ ალავერდში, თელავიდან 20 კმ-ში მდებარეობს.
ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.