თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ერთადერთმა ქარის ელექტროსადგურმა „ქართლმა" 2024 წლის იანვარი-სექტემბერში 60,25 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც9,2%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გორთან მდებარე ქარის ელექტროსადგური „ქართლი" 2016 წლიდან ფუნქციონირებს, რომლის სიმძლავრე 20 მეგავატია.
ESCO-ს მონაცემებით, ელექტროენერგიის მთლიან წარმოებაში „ქართლის" წილი მხოლოდ 0,5%-ია.
2024 წლის ცხრა თვეში საქართველოში საკუთარი გამომუშავება იყო 11,4 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია - თითქმის 1,6%-ით მეტი, ვიდრე 2023 წლის იანვარი-სექტემბერში.
ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლა მთელ მსოფლიოში არსებული ტენდენციაა, ეს ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქართველოს მთავრობისთვის. ქვეყანა ენერგეტიკულ სისტემაში მზისა და ქარის ენერგიების ინტეგრაციის გაძლიერებას აპირებს. ელექტროენერგიის მოხმარების ყოველწლიური ზრდის გათვალისწინებით სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უკვე 2030 წლისთვის საქართველოში შეიძლება სერიოზული ენერგოდეფიციტი შეიქმნას.
ამასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შემუშავდა განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1.500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.
მთავრობის გეგმებშია დარგის დაჩქარებული განვითარება, რისთვისაც უახლოეს ორ–სამ წელიწადში 3–4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოიზიდავენ.
განახლებადი ენერგეტიკის განვითარების სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.
CFD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2023 წელს საქართველომ მოიხმარა 13,7 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2022 წლის მონაცემებზე 7,4%-ით მეტია.
გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,4 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2022 წლის მონაცემზე 1%-ით მეტია.
გარდა ამისა, 2023 წელს ქვეყანამ ელექტროენერგიის რეკორდული ექსპორტი განახორციელა.
ექსპორტი 51,2%-ით გაიზარდა და 1,5 მილიარდი კვტ/საათი შეადგინა. ელექტროენერგია ძირითადად თურქეთში გადიოდა, რამაც მთლიანი ექსპორტის 88,7% შეადგინა. მეზობელ ქვეყანაში 1,3 მილიარდი კილოვატი ელექტროენერგია გავიდა.