„ოქროს ბურთი": მამარდაშვილი საუკეთესო მეკარეებს შორის მეშვიდე ადგილზეა

მამარდაშვილი ფინალურ ხუთეულში ვერ მოხვდა, თუმცა, პირველი ქართველი მეკარეა, რომელიც ლევ იაშინის სახელობის ჯილდოზე იყო წარდგენილი.
Sputnik
თბილისი,29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიის“ მეკარე, 24 წლის გიორგი მამარდაშვილი პრესტიჟული Yashin Trophy 2024-ის დაჯილდოებაზე საუკეთესო მეკარეებს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.
ლევ იაშინის თასი არის ყოველწლიური საფეხბურთო ჯილდო, რომელიც 2019 წლიდან გადაეცემა წლის საუკეთესო მეკარეს. დაჯილდოების ცერემონია „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიასთან ერთად იმართება. ჯილდო ატარებს საბჭოთა ნაკრების მეკარის ლევ იაშინის სახელს, რომელიც არის ერთადერთი მეკარე, რომელმაც „ოქროს ბურთი“ 1963 წელს მოიპოვა.
24 წლის მამარდაშვილი საუკეთესო მეკარის ჯილდოზე შემთხვევით არ წარუდგენიათ – მან ესპანეთის ლა ლიგაში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე გამოცემამ ტურნირის საუკეთესო მეკარედ აღიარა. ზაფხულში მამარდაშვილის ტრანსფერი „ლივერპულმა“ გამოისყიდა, ხოლო „ტრანსფერმარკეტმა“ ქართველი მეკარის სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონამდე გაზარდა, რაც მეკარეებში საუკეთესო მაჩვენებელია.
პარიზში, „შატლეს“ თეატრში „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიას გიორგი მამარდაშვილი მეუღლესთან, ელენე ეპიტაშვილთან ერთად დაესწრო.
„ამ დაჯილდოებაზე ყოფნა ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო. მიხარია, რომ ღონისძიებაზე ერთ-ერთი ნომინანტი ვარ, ეს უკვე დიდი წარმატებაა. ვაგრძელებ შრომას და იმედი მაქვს, აქ კიდევ არაერთხელ ვიქნები. მადლობა გულშემატკივრებს, თანაგუნდელებსა და მთელ სამწვრთნელო შტაბს“, – განაცხადა მამარდაშვილმა დაჯილდოების ცერემონიაზე.
საუკეთესო მეკარეს „ოქროს ბურთის“ წინა წლის მფლობელები ირჩევენ - საუკეთესო მეკარის ნომინაციაში გამარჯვებულად ზედიზედ მეორედ ემელიანო მარტინესი აღიარეს.
2024 წელს მეკარეების „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სია ასე გამოიყურებოდა:
დიოგუ კოშტა (პორტო)
ჯანლუიჯი დონარუმა (პარი სენ-ჟერმენი)
გრეგორ კობელი (ბორუსია დორტმუნდი)
ანდრეი ლუნინი (მადრიდის რეალი)
მაიკ მენიო (მილანი)
გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია)
ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა)
უნაი სიმონი (ატლეტიკი)
იან ზომერი (მილანის ინტერი)
რონვენ უილიამსი (მამელოდი სანდაუნსი).
„ოქროს ბურთი“ არის ყოველწლიური საფეხბურთო ჯილდო, რომელსაც კალენდარული წლის საუკეთესო ფეხბურთელს ფრანგული ჟურნალი France Football გადასცემს. იგი ითვლება ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ ჯილდოდ ფეხბურთელისთვის.
მამარდაშვილი ფინალურ ხუთეულში ვერ მოხვდა, თუმცა, პირველი ქართველი მეკარეა, რომელიც ლევ იაშინის სახელობის ჯილდოზე იყო წარდგენილი.
ღონისძიებაზე „ოქროს ბურთი“ გადაეცემათ წლის საუკეთესო ქალ და მამაკაც ფეხბურთელებს. ასევე ჯილდოვდებიან საუკეთესო 21-წლამდე მოთამაშე, საუკეთესო მეკარე (ლევ იაშინის სახელობის პრიზი), საუკეთესო ბომბარდირი (გერდ მიულერის სახელობის პრიზი), წლის საუკეთესო მამაკაცთა და ქალთა საფეხბურთო კლუბები. წელს კი ორი ახალი ნომინაცია დაემატა: წლის საუკეთესო მწვრთნელი მამაკაცებსა და ქალებს შორის.