თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. რუსული მხარე მზადაა განიხილოს შესაძლო წინადადებები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტების გაფართოებასთან დაკავშირებით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
„თუ იქნება რაიმე დამატებითი წინადადებები ჩვენი ქართველი მეზობლებისგან კონტაქტებთან დაკავშირებით, ჩვენ მათ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ, კონტაქტებს არასდროს გავქცევივართ“, - განაცხადა ლავროვმა კითხვის პასუხად, რუსეთი მზად არის თუ არა საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის გასამართად.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
2024 წლის მარტში დიპლომატმა ზურაბ აბაშიძემ პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი დატოვა და ეს ადგილი გიორგი ქაჯაიამ დაიკავა. აბაშიძე კარასინთან მოლაპარაკებებს პრაღის ფორმატის დაწყების პირველივე დღიდან, 2012 წლის დეკემბრიდან, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აწარმოებდა.
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს შემოიღო. საქართველომ ვიზები ცალმხრივად 2012 წლის დასაწყისში გააუქმა. 2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და ასევე გააუქმა 2019 წელს დაწესებული ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.
2024 წლის ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოების შესახებ, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციაში ვიზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ შევიდნენ „სამუშაო საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით რუსეთის ფედერაციაში დროებითი ყოფნისთვის, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.