თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ელოდება შემდგომი შედეგები, თუ მთავრობა არ შეცვლის კურსს, აშშ-ის საპასუხო ზომები კი დამოკიდებულია ამჟამინდელი ხელისუფლების ქმედებებზე, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.
„მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას. ჩვენ არ გამოვრიცხავთ შემდგომ შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართულება არ შეიცვლება“, - განაცხადა მილერმა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი შაბათს არჩევნებზე მივიდა იმ საარჩევნო გარემოში, რომელიც მმართველი პარტიის პოლიტიკით, მათ შორის სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების, ხმების ყიდვისა და ამომრჩევლის დაშინების ფონზე შეიქმნა.
მილერის შეფასებით ამან ხელი შეუწყო არათანაბარი გარემოს შექმნას და ძირი გამოუთხარა არჩევნების სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობას.
„ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამოძიების შესახებ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს", - განაცხადა მილერმა.
აშშ ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „განიხილოს ის ურთიერთობა, რომელიც მათ სურთ ევროატლანტიკურ თანამეგობრობასთან, ვიდრე გააძლიერონ პოლიტიკა, რომელსაც ადიდებენ ავტორიტარიზმის მომხრეები".
როგორც მილერმა აღნიშნა, ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს სურს იხილოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებული ქვეყანა. ამჟამინდელი მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული და მხარდაჭერილი საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს სწრაფვას ამ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანებისკენ.
„ამ მიზნის მხარდასაჭერად ყველა პარტია აწარმოებდა კამპანიას, მაგრამ მმართველმა პარტიამ ამ კურსთან შეუთავსებელი ზომები მიიღო", - განაცხადა მილერმა.
საქართველოს მთავრობას შეუძლია დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას კანონის უზენაესობის დაცვით, საარჩევნო პროცესში ხარვეზების აღმოფხვრით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებითა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რეფორმების შესახებ რეკომენდაციების განსახორციელებლად მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევით, განაცხადა მილერმა.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა შეერთებული შტატები სადამსჯელო ზომებს, მილერმა განაცხადა, რომ ეს დამოკიდებული იქნება საქართველოს ქმედებებზე.
„ჩვენს პასუხებს საქართველოს მოქმედებები განსაზღვრავს. უკვე რამდენიმე თვეა საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების გადახედვა მიმდინარეობს. ჩვენ უკვე შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება საქართველოს მთავრობისთვის. ჩვენ სხვა დახმარება გვაქვს, რომელიც განხილვის პროცესშია“, - განაცხადა მილერმა.
მილერს ასევე კითხვა დაუსვეს თბილისში გუშინ გამართულ აქციაზე, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად პარლამენტოს შენობის წინ ათასობით მოქალაქე შეიკრიბა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ყველას მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სრულად პატივი სცეს ქართველების მშვიდობიანი შეკრების უფლებას და ასევე, გვინდა არჩევნებში სავარაუდო დარღვევების სრული გამოძიება ვიხილოთ“, - განაცხადა მან.
მილერმა პრესკონფერენციაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
„ამ ეტაპზე შეფასება არ მაქვს. რუსეთის ჩარევის შესახებ განცხადებების მიღმაც კი, ჩვენ ვნახეთ, რომ მმართველი პარტია დგამდა ნაბიჯებს, რომელიც ზღუდავდა ქართველების უფლებას მონაწილეობა მიეღოთ სრულიად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში", - განაცხადა მილერმა.
ჩვენ ვნახეთ ამომრჩევლის მოსყიდვა, ვნახეთ რეპრესიები და, რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ჩარევისგან ცალკე საკითხია, აღნიშნა მან.
„ვიტყვი, რომ ჩვენ გვინახავს წლების განმავლობაში როგორ ერეოდა რუსეთი მისი მეზობლების არჩევნებში, ვნახეთ მისი ჩარევა ჩვენს არჩევნებში. ყურადღებით დაკვირვებას ვაგრძელებთ, მაგრამ ამ არჩევნებთან დაკავშირებით შეფასება არ მაქვს“, - განაცხადა მილერმა.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საერთაშორისო მისიის დასკვნა, საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა დაადასტურა.
ცესკოს ბოლო მონაცემები:
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,93%
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,035%
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,167%
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,768%.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.