თბილისის ცენტრში არჩევნების შედეგებს ათასობით ადამიანი აპროტესტებს

საპროტესტო აქციის გამართვისკენ მოსახლეობას პრეზიდენტმა მოუწოდა
Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.
„მინდა ვუთხრა ყველას, ვინც აქ დგას, რომ თქვენ არჩევნები არ წაგიგიათ, თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის მისცემთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციაზე.
სწორედ პრეზიდენტმა მოუწოდა გუშინ საზოგადოების ნაწილს, ვინც არ ეთანხმება არჩევნების შედეგებს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილიყვნენ. მან იმ ოპოზიციური პარტიების ლიდერების თანხლებით, რომლებიც არჩევნების შედეგების შემდეგ პარლამენტში შევიდნენ, პრეზიდენტის სასახლეში ბრიფინგი გამართა.
გუშინ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც მხარს უჭერს ოპოზიციას, არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადა. მისი თქმით, გამოყენებული იყო ფალსიფიკაციის ყველა შესაძლო მეთოდი, ხოლო „გაყალბების გასათეთრებლად“ თანამედროვე ტექნოლოგიები. მან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს სპეცოპერაცია და ხალხის წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის“ გამოვლინება უწოდა.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საერთაშორისო მისიის დასკვნამ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა დაადასტურა.
არჩევნების ბოლო შედეგები:
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,93%
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,035%
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,167%
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,768%.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.