პარლამენტში პირველი გახარიას პარტია შევა - ხვიჩია ოპოზიციის ტაქტიკაზე

ხვიჩიამ ასევე არ გამორიცხა ახალი წლისთვის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. მიუხედავად პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით დაანონსებული ბოიკოტისა, რომელიც ბარიერგადალახულმა და კენჭისყრის შედეგების არმცნობმა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ გამოაცხადა, პარლამენტში პირველი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" შევა, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ. მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების გაყალბების თაობაზე განაცხადეს.
„შევიდა ოთხი პარტია, თითოეულმა 10% -10% მიიღო. ახლა უბრალოდ ზრდილობის გამო ამბობენ, რომ არ შევლენ... ბოლოს ყველაფერს გახარიას დააბრალებენ და პირველი გახარიას პარტია შევა პარლამენტში“, - განაცხადა ხვიჩიამ ერთ-ერთ ინტერნეტ-გადაცემაში.
პოლიტიკოსის თქმით, გათამაშდება ყალბი რევოლუციის სცენარი, რომელიც უშედეგო იქნება.
ხვიჩიამ ასევე არ გამორიცხა ახალი წლისთვის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე პარტია „გირჩმა" 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა - მან ხმების 3,003% მიიღო.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
არჩევნების ბოლო შედეგები:
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,93%
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,035%
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,167%
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,768%.