ყალბი ეგზიტპოლი, არასრული ანგარიში და ციფრებით თამაში: „ქართული ოცნების" განმარტება

ბრალდებების მიზანი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დისკრედიტაციაა, განაცხადა პაპუაშვილმა
Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და სხვა დაინტერესებული პირების მიერ წამოყენებულ ყველა ბრალდებას დეტალურად უპასუხა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ. მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების გაყალბების თაობაზე განაცხადეს.
„ჩვენ უკვე შევეჩვიეთ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება. ადრე ოპოზიცია მანიპულირებდა ბიულეტენების, ოქმების თემებით. გახსოვთ, მაშინ როგორ აფრიალებდნენ ამ თემას. ეს საკითხი მთლიანად მოხსნილია, რადგანაც ჩვენ ელექტრონული სისტემა დავნერგეთ. ახლა ისინი სხვა ტიპის პანიპულაციაზე გადავიდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადეს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნამ დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურობა.
ამერიკული კომპანიის ეგზიტპოლი
პირველ რიგში პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა Edison Research-ის ეგზიტპოლზე, რომელიც ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა. აღნიშნულმა ეგზიტპოლმა აჩვენა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების მხოლოდ 40,9% მიიღო და შესაბამისად, არჩევნები წააგო.
„შემდეგ, რაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაადასტურა, რომ მათი და ცესკოს დათვლა ერთმანეთს ემთხვევა, შეგვიძლია ღიად ვთქვათ, რომ Edison Research-მა ეგზიტპოლი გააყალბა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, მსხვილმა კვლევითმა ორგანიზაცია Edison Research-მა კიდევ ერთხელ ძლიერი დარტყმა მიაყენა მის რეპუტაციას.
„ფაქტია, რომ ამის უკან, სავარაუდოდ, რაღაც უკანონო გარიგება დგას, რომლის მიზანი ამ შემთხვევაში დემოკრატიული არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა და დისკრედიტაცია იქნებოდა. ზუსტად ამას იყენებდა ოპოზიცია და უცხოელი აქტორები, რათა ცრუ ნარატივი გაეტარებინათ, თითქოს გაყალბება მოხდა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ დეზინფორმაციის მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარემ მოიყვანა საქართველოს შესახებ სექტემბრის სკანდალური ანგარიში ავტორის ლორა ტორნტონის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელებული ინფორმაცია.
ტორნტონი არის ამერიკული ორგანიზაცია „მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი და საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი.
26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ტორნტონმა გააზიარა ქართველი პოლიტიკოსის და ამავე დროს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის, გიორგი კანდელაკის პოსტი, რომელშიც ნაჩვენებია დიაგრამა ცენტრალური საარჩევნო კომისიის და Edison Research-ის ეგზიტპოლის განსხვავებული მონაცემებით. ამასთან, ტორნტონმა დაწერა, რომ არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევები აჩენს ეჭვს იმის თაობაზე, ასახავს თუ არა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგები ხალხის ნებას.
პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში მოვლენები ახლა ზუსტად ტორნტონის ანგარიშის სცენარის მიხედვით ვითარდება.
„ის არის რამდენიმე კვირის წინ აშშ-ში წარმოდგენილი ანგარიშის ავტორი, სადაც ზუსტად იყო აღწერილი ის სცენარები, რაც ახლა აქ ხდება, რომ, მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლები აღიარებენ არჩევნებს, პროტესტი უნდა იყოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა. .
თუ „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, რასაც დამკვირვებლები დაადასტურებენ, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწევს ყურადღებით დააკვირდეს არჩევნების შემდგომ ვითარებას, განსაკუთრებით ხელისუფლების პასუხს მოსალოდნელ პროტესტებზე. თუ „ქართული ოცნება" შეინარჩუნებს ხელისუფლებას, სავარაუდოდ, გაგრძელდება სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონების მიღება, ნათქვამია განცხადებაში.
ახალი ტექნოლოგიები არჩევნებზე
პაპუაშვილმა სიცრუე უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ არჩევნებში პირველად მასშტაბურად გამოყენებული ელექტრონული ტექნოლოგიები - ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები - მანიპულაციის იარაღად იქცა.
„გახსოვთ, როგორ იფიცებოდა ოპოზიცია, ქალბატონი სალომე, რომ შეუძლებელია რაიმე მოხდეს აპარატურასთან დაკავშირებით, გუშინ კი ქალბატონმა სალომემ პრეზიდენტის სასახლიდან თქვა, რომ მოხდა აპარატურით მანიპულაცია, რაც არის ჩვეულებრივი ტყუილი", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის სასახლიდან დეზინფორმაციის გავრცელების მიზანია ადამიანების შეცდომაში შეყვანა და მათ ემოციებზე თამაში. საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციასთან ერთად უშუალოდ არის ჩართული სცენარის განხორციელებაში, რათა როგორმე ძირი გამოუთხაროს ქვეყანაში არსებულ ვითარებას.
პაპუაშვილმა ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ოთხი ბრალდება ჩამოთვალა: დუბლირებული სიების გამოყენება; აპარატი სხვის ხმებს ათვლიდა „ქართულ ოცნებას“; ხდებოდა ორმაგი ხმის მიცემა, იყო მონიშნული ბიულეტენები.
„არც ერთი ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს. იცით, რომ აპარატურასთან დაკავშირებით ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც ამისთვის იყო წინასწარ შერჩეული, ჩაატარა აუდიტი და არანაირი რაიმე შეუსაბამობა აპარატურასთან დაკავშირებით არ არის და ვერც იქნებოდა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა უარყო საკუთარი სიტყვები აპარატურით შესაძლო მანიპულაციის შესახებ და მოიფიქრა ტყუილი, რადგანაც საზღვარგარეთიდან მიიღო ბრძანება „ქვეყანაში სიტუაციის არევის შესახებ“.
ISFED კვლავ ყურადღების ცენტრშია
გავრცელებული სიცრუის დადასტურება შეეძლო „სამართლიანი არჩევნების" ( ISFED) სრულ ანგარიშს ხმების პარალელური დათვლის შესახებ, მაგრამ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია მას მალავს, განაცხადა პაპუაშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ISFED-მა, ისევე როგორც 2020 წელს, არჩევნების შესახებ განცხადება დაგვიანებით გააკეთა.
პაპუაშვილმა ISFED-სგან პარალელური დათვლის შედეგები სრულად გასაჯაროვება მოითხოვა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე მიმართა ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI), რომლის მეთოდოლოგიითაც ტარდებოდა ხმების პარალელური დათვლა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), რომელიც აფინანსებს ISFED-ს.
მან გაიხსენა 27 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე NDI-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტომ მალინოვსკის განცხადება იმის თაობაზე, რომ NDI გამოხატავს სრულ მხარდაჭერას ISFED-ის მიმართ და ელოდება ამ ორგანიზაციის ანგარიშს არჩევნების შესახებ.
„ასე რომ, ეს ახლა უკვე NDI-ის პასუხისმგებლობაა - მოუწოდოს და აიძულოს ISFED, რომ გამოაქვეყნოს პარალელური დათვლის სრული ანგარიში, რომელშიც ზუსტად იქნება ასახული ყველა ის სიყალბე, რომელსაც ახლა აბრალებს ოპოზიცია, ქალბატონი სალომე თუ ზოგიერთი უცხოელი აქტორი საქართველოს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, წინა ჯერზე, კერძოდ, როდესაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების პარალელური დათვლის მცდარი მონაცემები გაავრცელა, NDI-მ მოახერხა პასუხისმგებლობის თავიდან აცილება. ამჯერად NDI-მ ოთხი წლის წინ დაშვებული შეცდომა უნდა გამოასწოროს.
„ასევე შეგახსენებთ, რომ ISFED ამ პარალელურ დათვლას, ისევე როგორც 2020 წელში ატარებდა USAID-ის დაფინანსებით. გახსოვთ, რომ 2020 წელს, როგორც შემდეგ გაირკვა, USAID-მა იცოდა რომ ISFED ავრცელებდა პარალელური დათვლის ყალბ შედეგებს და ამას ჩვენგან მალავდა", - განაცხადა სპიკერმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს მოხდა USAID-ის წინა ხელმძღვანელობის დროს. ახლა კი ახალი ხელმძღვანელობის კეთილსინდისიერება დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.
„მათ უნდა მოუწოდონ ISFED-ს, რომ გამოაქვეყნონ პარალელურ დათვლის სრული ანგარიში და არ დაუმალონ ქართველ ხალხს ის მხილება, რომელიც ამ ანგარიშში იქნება ოპოზიციის და ზოგიერთი ენჯეოების მიმართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.