თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ოპოზიცია ყოველთვის აპროტესტებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ მაინც აღიარებს მას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპონენტების მიერ ბოიკოტის გამოცხადებასთან დაკავშირებით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ. მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების გაყალბების თაობაზე განაცხადეს.
„2012 წელს მათ რამდენიმე დღე დასჭირდათ, რომ ეღიარებინათ მარცხი, 2016 წელს რამდენიმე კვირა დასჭირდათ რომ ეღიარებინათ მარცხი, 2020 წელს არ აღიარეს და რამდენიმე თვე დასჭირდათ, რომ ეღიარებინათ მარცხი და ახლაც იგივე მდინარეში შევიდნენ, თუმცა, რა თქმა უნდა, აქაც იგივე აღიარება მოუწევთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის საქციელი იმის დასტურია, რომ ხელისუფლების პროგნოზი გამართლდა.
„გამართლდა ჩვენი პროგნოზი, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის. ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სწორედ ამით იყო დაკავებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პოლიტიკოსის თქმით, ყველაფერი, რაც ხელისუფლებამ თქვა, გამართლდა, რომ ოპოზიციას არ სურს ხალხის ნების აღიარება და არ აპირებს იმ მანდატების მიღებას, რაც მათ ხალხმა მისცა.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც მხარს უჭერს ოპოზიციას, არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადა. მისი თქმით, გამოყენებული იყო ფალსიფიკაციის ყველა შესაძლო მეთოდი, ხოლო „გაყალბების გასათეთრებლად“ თანამედროვე ტექნოლოგიები. მან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს სპეცოპერაცია და ხალხის წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის“ გამოვლინება უწოდა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
არჩევნების ბოლო შედეგები:
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,93%
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,035%
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,167%
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,768%