თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED ) ხმების პარალელური დათვლის დეტალური შედეგების გამოქვეყნებას არ გეგმავს, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ. მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების გაყალბების კომპლექსურ სქემაზე განაცხადეს.
„სამართლიანი არჩევნების" შეფასებით, როგორც არჩევნების დღეს, ისე წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა გავლენა მოახდინა საქართველოში კენჭისყრის პროცესსა და შედეგებზე. რიგი დარღვევების ერთობლიობის გათვალისწინებით კი შედეგები, შესაძლოა, არ ასახავდეს ამომრჩევლის ნებას.
„ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, თუმცა იგი ვერ იქნება გამოყენებული, როგორც საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა ფუნდამენტური ხასიათის დარღვევებმა გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არჩევნების დღეს „სამართლიანმა არჩევნებმა" გამოავლინა მძიმე დარღვევები, როგორიცაა ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მრავალჯერადი მიცემა, ამომრჩევლის უპრეცედენტო მასშტაბის მოსყიდვა, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება, ასევე უბნის გარეთ ამომრჩეველთა მობილიზების, მათი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და ნების კონტროლის ფაქტები.
„ამ დარღვევების ერთობლიობის გათვალისწინებით, შედეგები შესაძლოა არ ასახავდეს ამომრჩევლის ნებას. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია ხმების პარალელურ დათვლის დეტალური შედეგების გამოქვეყნებას არ გეგმავს. „სამართლიანი არჩევნები" განაგრძობს საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და ანალიზს”, - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა, ჯამში, 200-ზე მეტი საჩივარი შეიტანეს. აქედან, 100-ზე მეტი საუბნო საარჩევნო კომისიებში, ხოლო 97 -საოლქო საარჩევნო კომისიაში. 70-მდე შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში. ასევე, 1 საჩივარი შეტანილია ცესკოში.
არჩევნების ბოლო შედეგები:
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,93%
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,035%
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,167%
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,768%
ISFED-თან დაკავშირებული სკანდალი
2020 წლის დეკემბერში ISFED სკანდალში გაეხვა. ის ცესკოს პარალელურად ითვლიდა ხმებს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე, რა დროსაც სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამებს იყენებდა.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლის შემდეგ ცესკომ განაცხადა, რომ პროპორციულ არჩევნებში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,22% მიიღო (პარტიული სიების მიხედვით), ხოლო ISFED-ის მონაცემებით – 45,8%. ოპოზიციამ მაშინვე განაცხადა, რომ ციფრების შეუსაბამობა არჩევნების შედეგების გაყალბებაზე მიუთითებს.
როგორც გაირკვა, „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაუშვა შეცდომა, მაგრამ ეს მხოლოდ ხუთი კვირის შემდეგ აღიარა. არასამთავრობო ორგანიზაციის პარალელური დათვლის ახალი, განახლებული მონაცემები თითქმის მთლიანად დაემთხვა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებებით. მან პარალელური ხმების დათვლის მცდარი შედეგების გამოქვეყნებას თაღლითობა და რევოლუციური სცენარის ნაწილი უწოდა, რომელსაც ოპოზიცია ამზადებდა.
მმართველმა პარტიამ ასევე განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნის შემდეგ ნეიტრალიტეტი დაკარგა.
იმავდროულად, აშშ-ის იმდროინდელმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ-ს სრული ნდობა აქვს ISFED-ის მიმართ და არასამთავრობო ორგანიზაციას უწოდა „არჩევნების მონიტორინგის უაღრესად პატივსაცემი და გამოცდილი ორგანიზაცია“.
მაშინ არასარამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო დოლძემ განაცხადა, რომ „სამართლიანი არჩევნები“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნას მიკერძოებულ პოზიციად არ მიიჩნევს.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ „სამართლიან არჩევნებს“ არასოდეს გამოუთქვამს სურვილი მონაწილეობა მიეღო ტექნოკრატიული მთავრობის ფორმირებაში, როგორც ამას მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი ამტკიცებს.