თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, რომელსაც აღიარებს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ. მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი არჩევნების გაყალბების კომპლექსურ სქემაზე განაცხადეს.
„არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ არჩევნების შედეგები რაიმენაირად დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ამას ადასტურებს ყველაფერი, მათ შორის, ისეთი ორგანიზაციის გაკეთებული განცხადებებიც, როგორიცაა ISFED-ი", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საზოგადოებამ ბევრი სხვადასხვა სახის განცხადება მოისმინა, თუმცა, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, არ ყოფილა განცხადებები ან რაიმე ფაქტი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება.
როგორც არჩევნების დღეს, ისე წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა გავლენა მოახდინა საქართველოში კენჭისყრის პროცესსა და შედეგებზე, განაცხადა გუშინ გამართულ ბრიფინგზე ISFED-ის თავმჯდომარემ ნინო დოლიძემ.
კენჭისყრის დღეს დამკვირვებლებს ბევრ უბანზე უწევდათ მუშაობა დაშინების, მათი უფლებების შეზღუდვისა და ძალადობის მუქარის პირობებში. იყო შემთხვევებიც, როცა დამკვირვებლები ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის სამიზნე გახდნენ.
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს.
არჩევნების ბოლო შედეგები:
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,93%
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,035%
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,167%
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,768%
ISFED-თან დაკავშირებული სკანდალი
2020 წლის დეკემბერში ISFED სკანდალში გაეხვა. ის ცესკოს პარალელურად ითვლიდა ხმებს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე, რა დროსაც სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამებს იყენებდა.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლის შემდეგ ცესკომ განაცხადა, რომ პროპორციულ არჩევნებში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,22% მიიღო (პარტიული სიების მიხედვით), ხოლო ISFED-ის მონაცემებით – 45,8%. ოპოზიციამ მაშინვე განაცხადა, რომ ციფრების შეუსაბამობა არჩევნების შედეგების გაყალბებაზე მიუთითებს.
როგორც გაირკვა, „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაუშვა შეცდომა, მაგრამ ეს მხოლოდ ხუთი კვირის შემდეგ აღიარა. არასამთავრობო ორგანიზაციის პარალელური დათვლის ახალი, განახლებული მონაცემები თითქმის მთლიანად დაემთხვა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებებით. მან პარალელური ხმების დათვლის მცდარი შედეგების გამოქვეყნებას თაღლითობა და რევოლუციური სცენარის ნაწილი უწოდა, რომელსაც ოპოზიცია ამზადებდა.
მმართველმა პარტიამ ასევე განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნის შემდეგ ნეიტრალიტეტი დაკარგა.
იმავდროულად, აშშ-ის იმდროინდელმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ-ს სრული ნდობა აქვს ISFED-ის მიმართ და არასამთავრობო ორგანიზაციას უწოდა „არჩევნების მონიტორინგის უაღრესად პატივსაცემი და გამოცდილი ორგანიზაცია“.
მაშინ არასარამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო დოლძემ განაცხადა, რომ „სამართლიანი არჩევნები“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნას მიკერძოებულ პოზიციად არ მიიჩნევს.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ „სამართლიან არჩევნებს“ არასოდეს გამოუთქვამს სურვილი მონაწილეობა მიეღო ტექნოკრატიული მთავრობის ფორმირებაში, როგორც ამას მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი ამტკიცებს.