თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ შეუერთდება მხოლოდ სახალხო პროტესტს, და არა პარტიულს, განაცხადა ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ.
ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული 3.110 (99,968%) საარჩევნო უბნის შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 53,92% მიიღო. ჯერ კიდევ ღამით, როცა საარჩევნო უბნების მხოლოდ 2/3-ის მონაცემები იყო გამოქვეყნებული, პარლამენტში შესული ოთხი ოპოზიციური სუბიექტიდან სამმა უარი განაცხადა კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე. მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების გაყალბების კომპლექსურ სქემაზე ალაპარაკდნენ.
„ხალხის პროტესტს, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარში დავუდგებით და პარტიულ პროტესტს არ… პარტიული პროტესტი თუ მოგვინდა, ამ პროტესტს ჩვენ თავად დავაორგანიზებთ. რა გგონიათ, აქციის მოწყობაა პრობლემა?“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ახლა ყველამ უნდა მიმართოს გონიერი პროტესტის იმ ფორმებს, რომლებიც იქნება მიმართული მოქალაქეების არჩევანის, ევროპული მომავლის და არჩევნების ინსტიტუტის დასაცავად.
„მინდა გითხრათ, რომ ამ წუთებში ჩვენ ვიბრძვით ყველგან, მოქალაქეების ნების დასაცავად. ასევე, ვიბრძვით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვიბრძვით ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია სამართლებრივად, რადგან საქართველოს მოქალაქეების ნება დადასტურებული ობიექტურად იყოს... ის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს“, - განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, არჩევნებზე ადგილი ჰქონდა სისტემური ხასიათის ამომრჩევლების დაშინებას, მოსყიდვას, პირადობის მოწმობებით და ID ბარათებით მანიპულირებას, ზეწოლას საჯარო მოხელეებზე.
გახარია დარწმუნებულია, რომ საჭიროა არჩევნების როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის, ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის ინსტიტუტის დაცვა.
„ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივმართოთ გონივრული პროტესტის იმ ფორმებს, რომელიც პირველ რიგში, მიზნად დაისახავს ჩვენი მოქალაქეების არჩევანის დაცვას, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის და არჩევნების ინსტიტუციის დაცვას“, - განაცხადა გახარიამ.
ექს-პრემიერის თქმით, მიუხედავად ყველა იმ ნაბიჯისა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში და განსაკუთრებით, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა, არასოდეს არ ყოფილა ის ასეთი სუსტი, როგორც დღეს.
არჩევნების შედეგების თანახმად, პარლამენტში მოხვდა ხუთი პოლიტიკური ძალა - „ქართული ოცნება“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებულ ხმებს, ჯამში მათ ამომრჩეველთა ხმების 37,58% მიიღეს, კერძოდ:
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,037% (225 680 ხმა)
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,164% (209 137 ხმა);
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814% (181 424 ხმა)
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,771% (160 354 ხმა).