თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საკითხი შეტანილია ევროპული საბჭოს არაფორმალური სხდომის დღის წესრიგში, რომელიც ბუდაპეშტში ნოემბრის თვეში გაიმართება, დაწერა სოციალურ ქსელ X-ში ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელმა.
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად ხმების 53,92% მიიღო. ამ შედეგების აღიარებაზე უარი თქვა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ. გარდა ამისა, მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემის შესახებ ალაპარაკდნენ.
„საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ვაპირებ საქართველოს საკითხი ბუდაპეშტში, ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში შევიტანოთ“, - განაცხადა მიშელმა.
როგორც ევროპელმა პოლიტიკოსმა დაწერა, საქართველოში გამართულ არჩევნებზე დარღვევები სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად უნდა გამოიძიონ.
შარლ მიშელის განცხადების ძირითადი პუნქტები:
ევროპულმა საბჭომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მიერ არჩევნების წინასაწარი შეფასება ცნობად მიიღო;
ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ცესკოს და სხვა ორგანოებს ოპერატიულად გამოიძიონ ყველა დარღვევა და მათთან დაკავშირებული ბრალდებები;
ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელმძღვანელობას, დაადასტუროს მტკიცე ერთგულება ევროკავშირისკენ მიმავალ ქვეყნის გზაზე, ევროპული საბჭოს ივნისისა და ოქტომბრის სხდომების დასკვნების შესაბამისად.
შარლ მიშელის განმარტებით, ევროპული საბჭო ნოემბერში შეაფასებს სიტუაციას და დაადგენს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობაში.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალებს შორის.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების (ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის) ხელმძღვანელებმა ერთობლივი მისიის დასკვნა გაავრცელეს, რომლის თანახმად საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
არჩევნების ბოლო შედეგები:
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,92%;
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,037% (225 680 ხმა)
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,164% (209 137 ხმა);
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814% (181 424 ხმა)
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,771% (160 354 ხმა).
პირველად საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - გადამოწმებისა და ხმების დათვლის აპარატის გამოყენებით.