კობახიძე: არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციაზე არ არსებობს

საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგებსაც არ აღიარებენ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელთა განცხადებებმა ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციაზე არ არსებობს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული 3.100 (99,646%) საარჩევნო უბნის შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 54% მიიღო. ჯერ კიდევ ღამით, როცა საარჩევნო უბნების მხოლოდ 2/3-ის მონაცემები იყო გამოქვეყნებული, პარლამენტში შესული ოთხი ოპოზიციური სუბიექტიდან სამმა უარი განაცხადა კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე. მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების გაყალბების კომპლექსურ სქემაზე ალაპარაკდნენ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა პასკალ ალიზარდმა ერთობლივი საერთაშორისო მისიის შედეგების შეჯამებისას განაცხადა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პროცედურა იყო კარგად ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი თუ ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამავე დროს იყო ზეწოლა საჯარო მოხელეებსა და ამომრჩეველზე და გაჩნდა ეჭვები საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
„მოვისმინეთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელების მონაწილეობით პრესკონფერენცია, რამაც ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს. პირიქით, ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ის იყო კონკურენტული და მთლიანობაში ეს შეფასება ასახავს იმ სურათს, რაც არის მოცემული“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, მომხსენებლები ამ არჩევნების შეფასებისას კონკრეტულ ტერმინებს იყენებდნენ. ისინი საუბრობდნენ არჩეულ ხელისუფლებაზე, რაც პირდაპირ ნიშნავს არჩევნების სრულად ლეგიტიმურად აღიარებას.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მისიას. ჩვენ ჯერ კიდევ თებერვლიდან დავიწყეთ მათი მოწვევა, ვიყავით ღია დაკვირვებისთვის. არჩევნები არის შემდგარი“, – განაცხადა კობახიძემ.
ერთობლივ სადამკვირვებლო მისია დაკომპლექტებულია 42 ქვეყნიდან 510 დამკვირვებლით, რომლებიც არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე იყვნენ გადანაწილებული.
კოალიცია „ძლიერი საქართველო" ცესკოს შედეგებს არ აღიარებს >>
ერთობლივი მისიის შემადგენლობაშია: ეუთო/ოდირის 380 დამკვირვებელი და ექსპერტი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან - 61, ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან -39, ნატოს საპარლამენტო ასამბლეიდან -38 და ევროპარლამენტიდან -12.
დასკვნა მოიცავს როგორც თავად ხმის მიცემის პროცესის, ისე წინასაარჩევნო პერიოდის შეფასებას.
საერთაშორისო მისიის დასკვნა
ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა პასკალ ალიზარდმა განაცხადა, რომ საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების სიმრავლე ადასტურებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოსა და ქართველი ხალხის დიდ მხარდაჭერას.
ერთობლივი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დასკვნის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები პროცედურული თვალსაზრისით, მთლიანობაში კარგად იყო ორგანიზებული. წინასაარჩევნო პერიოდში კი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კარგი მუშაობა ჩაატარა არჩევნებზე ახალი ტექნოლოგიების შესახებ ამომრჩევლის ინფორმირების კუთხით.
ამასთან, საქართველოში ამომრჩეველს დიდი არჩევანი ჰქონდა - პარლამენტში ადგილებისთვის 18 პოლიტიკური სუბიექტი იბრძოდა. გარდა ამისა, იყო ბევრი დამკვირვებელი პარტიებიდან.
„ეს იმის ნიშანია, რომ სისტემა იზრდება და ვითარდება, დემოკრატია კი განვითარების პროცესშია“, - განაცხადა ალიზარდმა.
გარდა ამისა, კანდიდატებს, ზოგადად, მიეცათ საშუალება თავისუფლად ეწარმოებინათ წინასაარჩევნო კამპანია.
წინასაარჩევნო გარემოს თან ახლდა პოლარიზაცია. საარჩევნო კონკურენტების რიტორიკამ საზოგადოებაში განხეთქილება გამოიწვია.
პოლარიზაცია აისახა მედიაგარემოში, რადგან მედია გამოიყენებოდა პოლიტიკური მიზნებისთვის. ამასთან, მხარეებმა დებატებზე უარი განაცხადეს. ყოველივე ამან გაზარდა დაძაბულობა და ხელი შეუშალა ამომრჩეველს გააზრებული არჩევანის გაკეთებაში.
საერთაშორისო მისიამ მთლიანობაში დადებითად შეაფასა კანონმდებლობა, თუმცა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე საარჩევნო კოდექსში მიღებულმა ცვლილებებმა მიკერძოებულობის ეჭვი გააჩინა.
ალიზარდმა ასევე აღნიშნა მოწინააღმდეგეებს შორის ფინანსური რესურსის კუთხით მნიშვნელოვანი დისბალანსი. მან მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ უპირატესობებზე მიუთითა. ამან, მისი თქმით, „მოქმედებებისთვის არათანაბარი გარემო შექმნა".
ამავე დროს, ალიზარდმა განაცხადა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზაში ადგილი ჰქონდა საჯარო მოხელეებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებს.
კენჭისყრის დღეს იყო დაძაბული გარემო და მუქარის მრავალი შემთხვევა, დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა.
მან იმედი გამოთქვა, რომ არჩევნებში გამარჯვებულები გაუმკლავდებიან გამოწვევებს და საქართველოს ევროკავშირის გზაზე წაიყვანენ.
„მინდა, გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომლებიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანენ იმ მიზნებთან, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას", - განაცხადა ალიზარდმა.
დასასრულს, ალიზარდმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო მისიის მონიტორინგის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის და ხალხს თბილი მიღებისთვის.