კოალიცია „ძლიერი საქართველო" ცესკოს შედეგებს არ აღიარებს

კოალიცია გააგრძელებს ბრძოლას ქართველი ხალხის თითოეული ხმის და დემოკრატიული არჩევანის დასაცავად ყველა კანონიერი მეთოდით, განაცხადა დოლიძემ
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას და გამოქვეყნებული ციფრები ეწინააღმდეგება საქართველოს არჩევანს, განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ ბრიფინგზე.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება" საარჩევნო უბნების 97%-ის მონაცემების დათვლის შედეგებით საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს. ცესკოს მონაცემების თანახმად, 3.018 უბნის შედეგების დათვლის შედეგად, „ქართულ ოცნებას" ხმა 1.087.801-მა ამომრჩეველმა მისცა ანუ არჩევნებში მონაწილეთა 54,24%-მა. „ძლიერმა საქართველომ" კი ხმების 8,72% მიიღო.
„ჩვენ ვართ განრისხებულები იმით, რისი წარმოდგენა და დაწერაც გაბედა ცესკომ - შედეგები, რომელიც გამოგვიცხადეს, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას", - განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, კოალიცია გააგრძელებს ბრძოლას ქართველი ხალხის თითოეული ხმის და დემოკრატიული არჩევანის დასაცავად ყველა კანონიერი მეთოდით.
„კოალიცია „ძლიერი საქართველო” იბრძვის თითოეული მოქალაქის ხმისა და ნების დასაცავად. ჩვენ ვიყენებთ ყველა საშუალებას იმისთვის, რომ დაცული იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის დემოკრატიული და ევროპული არჩევანი”, - განაცხადა დოლიძემ.
პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედნის" ლიდერი ცუცქირიძის თქმით, ამ შედეგისთვის არ ყოფილა ამომრჩეველთა ისტორიულად მაღალი აქტივობა.
„ამიტომ არ იდგნენ ემიგრანტები საელჩოებთან 8-9 საათის განმავლობაში რიგში. ამიტომაც ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ყველა ლეგიტიმური დემოკრატიული გზით და გამოვიყენებთ ყველა მშვიდობიან, დემოკრატიულ საშუალებას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად“, - განაცხადა ცუცქირიძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული პარლამენტის არჩევნების შედეგების აღიარებაზე ასევე უარი განაცხადეს ოპოზიციურმა კოალიციამ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის".
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციისა და ხმის დამთვლელი აპარატების გამოყენებით.
ოპოზიციურ პარტიებს ჯამში მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 37,33%-მა, კერძოდ:
კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 10,81%
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,07%
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,72%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,73%
საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ, წინასწარი მონაცემებით, 58,94% შეადგინა.