კალანდრიშვილი: ამერიკულმა კომპანიამ ელექტრონული ტექნოლოგიის გამართული მუშაობა დაადასტურა

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციისა და ხმის დამთვლელი აპარატების გამოყენებით.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების დაგეგმარებისა და ორგანიზების პროცესი ყველა ეტაპზე სწორად იყო წარმართული. ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციისა და ხმის დამთვლელი აპარატების გამოყენებით.
კალანდრიშვილის განცხადებით, საარჩევნო პროცესის სწორად დაგეგმარებაზე არაერთი სტატისტიკური მონაცემი მიუთითებს, მათ შორის - ელექტრონული ტექნიკის მუშაობის გამართულობის მაჩვენებელი.
„26 ოქტომბრის არჩევნების დღეს, ჯამში გამოყენებული იყო 15 ათასამდე აპარატი, საიდანაც მხოლოდ 20 აპარატი გამოვიდა მწყობრიდან. ამის მიუხედავად, ყველა შემთხვევაში მოხერხდა საარჩევნო პროცესის გაგრძელება და არცერთ უბანზე არ დამდგარა ხმის მიცემის პროცესის ტრადიციულ მეთოდზე გადასვლის საჭიროება“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.
კალანდრიშვილის განმარტებით, ტექნოლოგიების გამოყენების კარგ შედეგად ითვლება, თუ საარჩევნო პროცესის დროს აპარატების 1% გამოვიდა მწყობრიდან, ჩვენს შემთხვევაში კი, ამ მაჩვენებელმა მხოლოდ 0,1% შეადგინა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამაც. მისი თმით, აკრედიტებულმა ამერიკულმა კომპანიამ დაადასტურა, რომ ტექნოლოგიები პასუხობდა ადგილობრივ კანონმდებლობას და საერთაშორისო პრაქტიკასა და სტანდარტს.
„ელექტრონული ტექნოლოგიის გამართული მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო აუდიტორიულმა ამერიკულმა კომპანია PRO V&V-მ, რომელიც ორიდან, ის ერთი აკრედიტებული ორგანიზაციაა აშშ-ში, რომელსაც არა მხოლოდ ხმის მიცემის სისტემის ტესტირების უფლებამოსილება გააჩნია, არამედ თავად ახორციელებს ლიცენზიების გაცემას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალების იმპლემენტაციას", - განაცხადა კალანდარიშვილმა.
კალანდარიშვილმა ასევე განმარტება გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს ამომრჩევლის ერთიან სიებში იყო სიების დუბლირება, განსაკუთრებით, ვერიფიკაციის ნაწილში.
„მანიპულაციურად წამოჭრილი საკითხი, თითქოს და ამომრჩევლის ერთიან სიებში იყო სიების დუბლირება, განსაკუთრებით, ვერიფიკაციის ნაწილში, იმთავითვე უსაფუძვლოა. მინიმუმ, ქაღალდის კვალის პირობებში, მაშინ, როდესაც სიები სრულად აუდიტირებადი იყო და ყველა ვერიფიკაციის აპარატიდან იბეჭდებოდა ამომრჩეველთა სიები და საჯარო, ხელმისაწვდომ იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის - დღეს ეს ამერიკულმა კომპანიამ PRO V&V-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა", - განაცხადა კალანდარიშვილმა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა თითქმის 90%-მა ხმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მისცა - ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში გახსნილი 3.044 საარჩევნო უბნიდან 2.263-ში ჩატარდა.